ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის საჩივრები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, შესაძლოა, ძალიან უმნიშვნელო იყოს და თანაც დაგვიანებული.
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში 3 ნოემბერს გაიმართა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტი დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენია. თუმცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხმათა დათვლის პროცესში დარღვევების არსებობაზე და გაყალბებაზე საუბრობს. ტრამპის კამპანიის გუნდმა პენსილვანიაში ფოსტით მიღებული მილიონობით ბიულეტენი გაასაჩივრა. სწორედ პენსილვანიამ მოუტანა ბაიდენს ხმათა დიდი უპირატესობა.
ანალიტიკოსების თქმით, 105-გვერდიან საჩივარში, რომელიც ფილადელფიაში, ფედერალურ სასამართლოში ორშაბათს შეიტანეს, მხოლოდ გამეორებულია მანამდე გაჟღერებული დაუსაბუთებელი თეორია საფოსტო გზავნილების გაყალბების შესახებ. საარჩევნო კანონის ექსპერტების მოსაზრებით, ფალსიფიცირების თაობაზე საჩივარში ძალიან მცირე არგუმენტია წარმოდგენილი.
ტრამპის ადვოკატების მიზანი სასამართლოს დარწმუნებაა იმაში, რომ ფოსტით მიღებული ხმები, რომლებიც დიდწილად ბაიდენის სასარგებლო ხმები იყო, არ იყოს დათვლილი. საჩივრის თანახმად, პენსილვანიის შტატის მიერ საფოსტო და ადგილზე ხმის მიცემის განსხვავებული პროცედურები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და შტატის ხელისუფლებამ ამ შედეგების სერტიფიცირება არ უნდა მოახდინოს. პენსილვანიის მთავრობას კი დრო 23 ნოემბრამდე აქვს იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები ოფიციალურად დაამტკიცოს.
Facebook Forum