ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის კამპანია სარჩელების შეტანას აგრძელებს


ხუთშაბათს, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების დათვლის პარალელურად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიამ, სასამართლოში კიდევ ერთი, რიგით მეოთხე სარჩელი შეიტანა. რამდენიმე გადამწყვეტ შტატში, მისი ოპონენტის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უპირატესობა საკმაოდ მცირეა, რაც შედეგების გასაჩივრების და ზოგ შემთხვევაში, ხმების გადათვლის საშუალებას იძლევა.

ხუთშაბათს საჩივარი ნევადის შტატში შევიდა, სადაც რამდენიმე დღეა ბაიდენი იგებს. ტრამპის კამპანია და შტატის რესპუბლიკური პარტია აცხადებენ, რომ ნევადაში ხმა სულ ცოტა, 10 000-მა ისეთმა ადამიანმა მისცა, ვინც მოქალაქე არ არის და შესაბამისად, მათი ხმა ლეგალურად არ უნდა ჩაითვალოს.

„მიუღებელია ამ ქვეყანაში, უკანონო ხმების დათვლა, და ეს არის ის, რაც ნევადაში ხდება“ - თქვა ლას-ვეგასში გამართულ პრესკონფერენციაზე, წარსულში ტრამპის აპარატის წევრმა, ყოფილმა დაზვერვის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რიჩარდ გრენელმა.

ბრალდებას უარყოფს ჯო გლორია, ნევადის შტატის, კლარკის საგრაფოს რეგისტრატორი. „ჩემი პასხუხი შემდეგია: ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია არცერთ უკანონო ბიულეტენზე, რომელიც გატარდა“ - აღნიშნა მან პრესკონფერენციაზე.

მანამდე, ოთხშაბათს, ტრამპის კამპანიამ განაცხადა, რომ კიდევ ერთი სარჩელის საფუძველზე, პენსილვანიაში ხმის დათვლის შეწყვეტას ითხოვს, თუ მათ დამკვირვებლებს ხმის დათვლის პროცესზე გაზრდილი წვდომა არ ექნებათ. შტატი წელს გადამწყვეტ როლს თამაშობს ამერიკის მომავალი პრეზიდენტის არჩევის საქმეში.

ამ შემთხვევაში, მომჩივანმა მხარემ წარმატებას მიაღწია. მოსამართლემ ისინი ხმის დათვლის პროცესზე დაუშვა, თუკი დამატებითი დამკვირვებლები პანდემიით გათვალისწინებულ, უსაფრთხო დისტანციას დაიცავდნენ. შტატის გუბერნატორმა, ტომ ვულფმა კი განცხადება გააკეთა, რომელშიც თქვა, რომ თითოეული ხმის დაცვა ამერიკაში „1787 წლიდან დემოკრატიის მთავარი დაპირებაა“ და ის აუცილებლად შეასრულებს ამ დანაპირებს.

ტრამის კამპანიამ გადაწყვეტილება შეაქო და მხარდამჭერებს პენსილვანიაში გამარჯვებას დაპირდა. „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ამ არჩევნებზე, რადგან ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს“ - თქვა პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა ბილ სტეპიენმა.

ნევადაში სარჩელის შეტანამდე, ტრამპის საარჩევნო კამპანიამ ორი პროცესი წააგო. ორივეგან, ჯორჯიის და მიჩიგანის შტატებში, სასამართლომ საჩივარი გააბათილა. მიჩიგანს დემოკრატი გუბერნატორი ჰყავს, ჯორჯიას კი - რესპუბლიკელი.

ჯორჯიაში რესპუბლიკელებმა ადგილობრივ საარჩევნო კომისიას ბრალი დასდეს იმაში, რომ მათ ხმის დათვლის წინ, ფოსტით მიღებული არალეგალური ბიულეტენები კანონიერ ბიულეტენებში შეურიეს. მოსამართლემ მოწმეების ჩვენებათა საფუძველზე დაადგინა, რომ ფოსტით მიღებული ბიულეტენები არალეგალური არ იყო და ისინი „დროულად იქნა მიღებული“.

რაც შეეხება მიჩიგანს, იქ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტ ტრამპის კამპანიის მოთხოვნა, საერთოდ შეწყვეტილიყო ხმის დათვლის პროცესი, ვიდრე მათ არ ექნებოდათ საშუალება, ყველა ყუთზე და ხმის დათვლის მთელ პროცესზე ვიდეოთვალით ეყურებინათ.

ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანია ტრამპის კამპანიის საჩივრებს დიდ ყურადღებას არ აქცევს. „მათი მიზანია ტრამპის კამპანიას მიეცეს იმის თქმის საფუძველი, რომ ხმის დათვლა შეწყდეს. ეს კი არ მოხდება“ - განაცხადა ბაიდენის კამპანიის უფროსმა მრჩეველმა ბობ ბაუერმა.

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრება იშვიათად ხდება. თუმცა, როცა კი ეს მომხდარა, ანალიტიკოსების თქმით, ცდომილება ხმების დათვლაში, თითქმის არ ხდება. პრეზიდენტის კამპანია ხმების ხელახალ გადათვლას უისკონსინის შტატში ითხოვს, სადაც ბაიდენმა მცირე უპირატესობით მოიგო. დღეს ცნობილი გახდა, რომ ხმების გადათვლა მოხდება ჯორჯიის შტატშიც, სადაც ბოლო დღეს ჯო ბაიდენი დაწინაურდა.

უილიამ ჰოუელი ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი და იურიდიული ექსპერტი ამბობს, რომ ხმის გადათვლისთვის სარჩელის შეტანა აუცილებელი არ არის. „ნებისმიერ კანდიდატს ისედაც შეუძლია ხმის გადათვლა მოითხოვოს, თუ შედეგში განსხვავება ერთ პროცენტზე ნაკლებია. ისტორიულად, განსხვავება ხმის გადათვლისას თითქმის არ ფიქსირდება და არ მგონია, რომ მან [დონალდ ტრამპმა] სასურველი შედეგი მიიღოს“.

უფლებადამცველები და არჩევნების ადვოკატები სამშაბათს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და ხმების დათვლის პროცესს ახლოდან აკვირდებიან. ისინი აცხადებენ, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ არანაირი შეტყობინება პროცესში არსებული რაიმე სისტემური პრობლემის შესახებ. ტრამპის კამპანიის საჩივრების მიუხედავად, დამკვირვებლები ორივე მხარეს ჰყავს და ისინი მთელ პროცესს ადევნებენ თვალს.

„რა ანგარიშებიც წავიკითხე და რა ვიდეოებიც ვნახე, დათვლა ლეგალურად გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს“ - აცხადებს სილვია ალბერტი. ის არჩევნების ექსპერტი და სამოქალაქო უფლებების დამცველია.

მისი თქმით, ზოგან ხმის დათვლის პროცესი ნელია, მაგრამ ამაზე საარჩევნო კომისიები ამერიკელებს წინასწარ გამუდმებით აფრთხილებდნენ. გარდა იმისა, რომ წელს არჩევნებზე რეკორდულად ბევრმა ამერიკელმა მისცა ხმა, პანდემიის გამო, ასევე რეკორდულად ბევრმა მოქალაქემ საკუთარი ხმა ფოსტით გააგზავნა. საუბარია ათეულობით მილიონ დამატებით ბიულეტენზე.

„ის, რაც ახლა ხდება, ამაში საკვირველი არაფერია. საარჩევნო ოფიციალური პირები უბრალოდ საკუთარ საქმეს აკეთებენ და ხმებს ითვლიან“ - აცხადებს სილვია ალბერტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG