ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მიერ დამარცხების არაღიარებას ბაიდენმა სამარცხვინო უწოდა


შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ არ აღელვებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან დამარცხების არაღიარების ფაქტი. მაგრამ, სამშაბათს ბაიდენმა ისიც თქვა, რომ მისი აზრით, ამგვარი საქციელი ტრამპისთვის და მთლიანად ამერიკისთვის "სამარცხვინოა".

"ეს პრეზიდენტის მემკვიდრეობისთვის კარგი არ იქნება", უთხრა არჩეულმა პრეზიდენტმა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში შეკრებილ ჟურნალისტებს. ბაიდენის გუნდი ამ ქალაქიდან მუშაობს ძალაუფლების გადაცემის საკითხებზე. ამერიკული ტრადიციის მიხედვით, პროცესი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს უნდა დასრულდეს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მასშტაბური გაყალბების ყოველგვარი მნიშვნელოვანი მტკიცებულების გარეშე, ბაიდენის გამარჯვებას კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ტრამპის საარჩევნო კამპანიამ რამდენიმე შტატში, სხვადასხვა ტიპის საეჭვო დარღვევებთან დაკავშირებით, ათზე მეტი საჩივარი შეიტანა.

ბაიდენი ამბობს, რომ ძალაუფლების გადაცემის გარდამავალი პერიოდი დაწყებულია და ტრამპის მხრიდან დამარცხების არაღიარება, ამ "დინამიკას ვერ შეცვლის". პირველი ნაბიჯი, რაც ბაიდენმა გადადგა, მიმდინარე პანდემიაზე და ინფიცირების პროგრესულ ზრდაზე საპასუხო რეაქცია იყო.

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლა მთავარ პრიორიტეტად დასახა, რადგან ბაიდენის აზრით, სწორედ ამას უკავშირდება ეკონომიკის აღორძინებაც, მისი რიგით მეორე პრიორიტეტი. მუშაობა უკვე დაიწყო სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას ჩაუდგება სათავეში. ჯგუფს კოვიდ-19-ის საკონსულტაციო საბჭო ჰქვია. ბაიდენი ასევე ამბობს, რომ ახალი ადმინისტრაციის ზოგიერთ პოსტზე დანიშნული ადამიანების ვინაობას მადლიერების დღემდე, 26 ნოემბრამდე გამოაცხადებს.

პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც არჩევნების შედეგებს ჯერ კიდევ არ ცნობს, საკუთარი ადმინისტრაციის წევრებს არ აძლევს ბაიდენის გარდამავალი პერიოდის ჯგუფთან თანამშრომლობის საშუალებას. ფედერალური სააგენტო - გენერალური მომსახურების ადმინისტრაცია - უარს ამბობს ჯო ბაიდენის სავარაუდო გამარჯვებულად აღიარების სერტიფიცირებაზე. ეს კი ბაიდენის გუნდის წევრებს, ფედერალურ სააგენტოებზე, კუთვნილ დაფინანსებაზე და სხვა ტიპის მომსახურებებზე წვდომას უზღუდავს.

ბაიდენიმა სამშაბათს თქვა, რომ ეს მათი შეშფოთების საგანი არ არის და ყველაფერს ამ ფინანსური სახსრების გარეშეც გაართმევენ თავს. ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა მისი გუნდი მომხდარის გამო საჩივრის შეტანას, ბაიდენმა უპასუხა, რომ ამის საჭიროებას ის ვერ ხედავს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველაფერი 20 იანვარს მაინც დასრულდება.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჯო ბაიდენს ჰკითხეს: რას ეტყოდა ის პრეზიდენტს, თუ დონალდ ტრამპი ახლა ტელევიზორს უყურებს. "ბატონო პრეზიდენტო, სულმოუთქმელად ველი თქვენთან საუბარს" - უპასუხა არჩეულმა პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG