შიდსი მსოფლიოში 36 მილიონ ადამიანს აქვს. გასულ წელს ამ დაავადებით მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის 100 მილიონამდე ადამიანი იქნება აივ-ვირუსით ინფიცირებული.
მიუხედავად შემაშფოთებელი ციფრებისა, დაავადების მკურნალობაში საოცრად დიდი მიღწევებია. აივ-ინფექცია უკვე აღარაა სასიკვდილო განაჩენი და მკვლევარები ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც შესაბამის მკურნალობას იღებენ, ახერხებენ, რომ ჩვეულებრივ იცხოვრონ და მათგან სხვებს საფრთხე აღარ ემუქრება.
თუმცა, ამ წარმატებას თან პრობლემებიც ახლავს. შიდსის მკურნალობა იაფი არ არის. ამას გარდა, აივ-ვირუსის კვლევისა და მკურნალობისთვის საჭირო თანხების შეგროვება შენელდა, ზოგან მთავრობის მხრიდან არსებული ინტერესიც და შესაბამისად, კვლევების დაფინანსებაც შემცირდა.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიტიკური ნებისა და დაფინანსების წყაროების მკვეთრი და ფართო შემცირება ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის იმისა, რომ შიდსის ეპიდემიამ ახალი ძალით იფეთქოს.
ახალი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია და ყოველ წელს 1.8 მილიონს შეადგენს, მაგრამ ეს ციფრი აღარ მცირდება. 17 მილიონამდე დაავადებულ ადამიანს კი შესაბამისი მკურნალობა არ მიეწოდება და ისინი კვლავ მაღალი რისკის ჯგუფში არიან.
ესენი არიან ახალგაზრდა ქალები, უმეტესად ახალგაზრდა აფრიკელი ქალები, ჰომოსექსუალი მამაკაცები, ტრანსგენდერი ადამიანები, ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლები, პენიტენციურ და სხვა დახურულ სივრცეებში მყოფი ადამიანები, სექს მუშაკები და მათი კლიენტები.
იმის მიუხედავად, რომ აივ-ინფექციის დედიდან შვილზე გადაცემის პრევენცია უკვე შესაძლებელია, არსებული ცნობებით, მშობლისგან ინფექციის გადაცემის შემთხვევათა 30 % მხოლოდ ნიგერიაზე მოდის.
შეერთებულ შტატებში აივ-ინფექცია სწრაფად ვრცელდება ღარიბ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში, მათ შორის - ფერადკანიანი და ლათინოამერიკული წარმოშობის მოსახლეობაში.
შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალური განცხადება რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. მიმართვაში ნათქვამია, რომ ამ ჯგუფებისთვის მკურნალობისა და სერვისების მიწოდება კრიტიკულად აუცილებელია იმისთვის, რომ აივ-ეპიდემიას შტატებში ბოლო მოეღოს. გარდა ამისა, გამოცხადდა ახალი პროგრამის შესახებ, რომელიც სტიგმის დაძლევაზე იქნება ორიენტირებული, რათა მეტმა ადამიანმა მიმართოს შესაბმის უწყებებს დასახმარებლად.