უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) სპეციალური დანიშნულების რაზმა "ალფამ" დღეს, კიევში, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად პრეზიდენტ პოროშენკოსთან მწვავედ დაპირისპირებული, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება მაინც ვერ მოახერხა.
სპეცრაზმის წევრები კიევის ცენტრში, კოსტელნოის ქუჩის 7 ნომერში, ხუთოთახიან აპარტამენტებში, სადაც სააკაშვილი ცხოვრობს, დილით, 9 საათისთვის გამოჩნდნენ. მათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბინის კარი შეამტვრიეს და ჩხრეკა დაიწყეს, თუმცა „ახალი ძალების რუხის“ ლიდერმა სახურავზე ასვლა მოასწრო და მომხრეებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.
წინააღმდეგობის მიუხედავად, 12 საათისთვის, სპეცრაზმა სააკაშვილი დააკავა,10-მდე სპეცრაზმელმა იგი სახურავიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა და მიკროავტობუსში ჩასვა. ამის შემდეგ ვითარება უკიდურესად დაიძაბა, სააკაშვილის მომხრეებმა სპეციალური დანიშნულების რაზმის მიკროავტუბუსები ალყაში მოაქციეს, ავტომანქანებს საბურავები დაუზიანეს, სტიქიური ალყის გარშემო კი ქუჩის ბარიკადები გაჩნდა.
დღის სამ საათზე დაიწყო სპონტანური იერიში სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლების წინააღმდეგ, რომელიც 15 საათსა და 40 წუთზე სააკაშვილის მოულოდნელი გათავისუფლებით დასრულდა. აქტივისტებმა ცრემლსადენ გაზის გაშვების მიუხედავად, სპეცების მიკროავტობუსთან მიღწევა შეძლეს, შუშები ჩაამტვრიეს და ლიდერის გამოხსნა მოახერხეს.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მომხრეებს მაშინვე მიმართა, უკრაინის გენერალურ პროკურორ ლუცენკოს - პროვოკატორი, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს ბანდიტი უწოდა:
მე ბრალს ვდებ ლუცენკოს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს პროვოკაციაში. ფაქტების გაყალბებაში, ყალბი ჩანაწერების შექმნაში, რაზეც გაფრთხილებდით რამდენიმე დღის წინ. როგორ შეიძლება ჩემსა და რეგიონების პარტიას შორის რაიმე ურთიერთობაზე იყოს საუბარი? თავად ბანდიტი პოროშენკო იყო რეგიონების პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი"მიხეილ სააკაშვილი
„მე ბრალს ვდებ ლუცენკოს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს პროვოკაციაში. ფაქტების გაყალბებაში, ყალბი ჩანაწერების შექმნაში, რაზეც გაფრთხილებდით რამდენიმე დღის წინ. როგორ შეიძლება ჩემსა და რეგიონების პარტიას შორის რაიმე ურთიერთობაზე იყოს საუბარი? თავად ბანდიტი პოროშენკო იყო რეგიონების პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თავის დროზე იანუკოვიჩის მოკავშირე!“
იმ დროს, როცა სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების მიკროავტობუსში იყო გამოკეტილი, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სერგეი ლუცენკომ საგანგებო პრესკონფერენციაზე ოდესის ყოფილ გუბერნატორს „სამშობლოს ღალატში" დასდო ბრალი.
გენერალურმა პროკურორმა ბრძანა, რომ სააკაშვილის და მისი რამდენიმე აქტივისტის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლით" აღიძრა. ლუცენკომ წარმოადგინა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც, მისი მტკიცებით, სააკაშვილი მაიდანზე საპროტესტო აქციის დასაფინასებლად "შავ ფულს" რუსეთში გაქცეულ, უკრაინელ ოლიგარქს, „რეგიონების პარტიის“ წევრს სერგეი კურჩენკოს სთხოვს.
32 წლის ხარკოველი ოლიგარქი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის წევრია. უკრაინული წყაროების ცნობით, 2014 წლისთვის, კურჩენკოს ქონება 270 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. მის საკუთრებაში იყო „გაზ უკრაინა“, „აღმოსავლეთევროპული სათბობ-ენერგეტიკული კომპანია“, ბროკბიზნესბანკი, მედიაჰოლდინგი UMH და საფეხბურთო კლუბი ხარკოვის „მეტალისტი“.
ევრომაიდანზე 2013-14 წლებში მომხდარი ცნობილი მოვლენებისა და პრეზიდენტ იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ, კურჩენკომ თავი ჯერ ბელორუსიას, შემდეგ კი რუსეთს შეაფარა. ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ანექსიიდან მალევე, ხარკოველმა ოლიგარქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამდენიმე მსხვილი ბიზნესს აქტივი შეიძინა, რის გამოც აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა.
უკრაინის გენპროკურატურის მტკიცებით, „სააკაშვილმა კურჩენკოსგან 500 000 აშშ დოლარი ორ ტრანშად მიიღო“ და ამ საქმეში კურიერის ფუნქციას, სააკაშვილის პარტიის კიევის ოლქის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დონეცკში დაბადებული, უკრაინის მოქალაქე 28 წლის სევერიან დანგაძე ასრულებდა, რომელიც გუშინ ქალაქ პოლტავასთან ახლოს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილმა ბრალდებებს „შეთითხნილი, მოგონილი და უსაფუძვლო“ უწოდა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი საპროტესტო აქციას ისევ უკრაინის პარლამენტის წინ აგრძელებს და ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟის პირობას დებს:
სიტუაცია ახლა ძალიან კონკრეტულია. ან ჩვენ, ერთ მუშტად შევიკვრებით. მშვიდად ავიცილებთ თავიდან რევოლუციას და მშვიდობიანი მეთოდებით, საპარლამენტო გზით კორუმპირებულ პრეზიდენტს ვაიძულებთ წავიდეს ან თითოეულ ჩვენთაგანს, ცალ-ცალკე გადაგვივლიან“მიხეილ სააკაშვილი
„ამათ ჩვენ მალე ვუტირებთ ყოფას, ყველა ოლიგარქს და ხალხის მძარცველს, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. სიტუაცია ახლა ძალიან კონკრეტულია. ან ჩვენ, ერთ მუშტად შევიკვრებით. მშვიდად ავიცილებთ თავიდან რევოლუციას და მშვიდობიანი მეთოდებით, საპარლამენტო გზით კორუმპირებულ პრეზიდენტს ვაიძულებთ წავიდეს. ან თითოეულ ჩვენთაგანს, ცალ-ცალკე გადაგვივლიან.“
კიევში, საქართველოს ექს-პრეზიდენტის სააკაშვილის დაკავების რამდენიმე მცდელობას წინ უძღოდა, უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს (NABU) შორის უმწვავესი დაპირისპირება. 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გენერალურ პროკურატურამ ანტიკორუფციულ ბიუროს რვა საიდუმლო აგენტი დააკავა, საიდუმლო ოპერაციის დოსიეები ამოიღო, დანარჩენი საფარქვეშ მომუშავე აგენტების ფოტოები კი მედიის საშუალებით გაავრცელა.
უპრეცედენტო დაპირისპირების შემდეგ, უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომელიც აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მხარდაჭერით შეიქმნა, ყველა საიდუმლო ოპერაცია შეწყვიტა.
უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ მოქმედებას დღეს მკაცრად გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტი: „ეს ქმედებები, როგორ ჩანს, მიმართულია იმ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტების მოშლისკენ, რომლებსაც აშშ-მ და სხვებმა აღმოუჩინეს დახმარება. ისინი არყევენ საზოგადოებრივი ნდობას და ძირს უთხრიან უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერას“ - აღნიშნეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და უკრაინიდან მისი ექსტრადირების შემთხვევაში, ყოფილი პრეზიდენტს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.