ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვიდი დეპორტირებული ერთ თვეში: პოროშენკო სააკაშვილს „ქართული გარემოცვის“ გარეშე ტოვებს


სააკაშვილი უკრაინაში ერთგული თანამებრძოლების გარეშე დარჩა
სააკაშვილი უკრაინაში ერთგული თანამებრძოლების გარეშე დარჩა

უკრაინის ხელისუფლება საქართველოს იმ მოქალაქეების დეპორტაციას განაგრძობს, რომლებიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად უკრაინის ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების რუხის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები არიან.

სააკაშვილის პირადი ვიდეოოპერატორი, პარალელურად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კიევის ბიუროს თანამშრომელი თამაზ შავშიშვილი, სააკაშვილის პირადი დაცვის წევრი ზურაბ ცინცაძე, შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის ყოფილი უფროსი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე და „ქართული ლეგიონის“ ყოფილი წევრი, უშიშროების თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ნადირაძე, 17 ნოემბერს, უკრაინაში, ძალის აშკარა გადამეტებით დააკავეს.

დეპორტირებულთა შორის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძეც აღმოჩნდა
დეპორტირებულთა შორის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძეც აღმოჩნდა

უკრაინის ჰელნისკის ჯგუფი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანების დეპორტირება "უკრაინის კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის უხეში დარღვევით მოხდა, მათ შორის, გატაცებით და თავისუფლების უკანონო აღკვეთით“.

ორი დღის მანძილზე, დაკავებული ქართველების ადგილსამყოფელის შესახებ, ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდებოდა. გუშინ კი გაირკვა, რომ ოთხივე მათგანი, ბორან „ვილნიუს სივეისზე“ იმყოფებოდა, რომელიც უკრაინის ნავსადგურ ჩერნომორსკიდან 18 ნოემბერს გამოვიდა და ფოთის პორტში, 19 ნოემბერს, 22:30 საათზე შემოვიდა.

უკრაინულ ბორანზე საქართველოს კიდევ ოთხი დეპორტირებული მოქალაქეც აღმოჩნდა: ხომერიკი (მეტსახელად „ნუკრი“), მიქელაძე, შელია (მეტსახელად „ტურა“) და გოლანძია (მეტსახელად „ტოლსტი“), უკრაინის შსს-ს განცხადებით, ქურდული სამყაროს და კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.

უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის პირადი ვიდეოოპერატორიც გამოაძევეს
უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის პირადი ვიდეოოპერატორიც გამოაძევეს

ვიდეოოპერატორმა თამაზ შავშიშვილმა ფოთის ნავსადგურში გაიხსენა, უკრაინის უსაფრთოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა როგორ მოიტაცეს კიევიდან, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან და როგორ აღმოჩნდა ბორანზე:

„ჩემს სახლში შემოვარდნენ, სახეში ჩამარტყეს რევოლვერი, ძირს დამაწვინეს და ზემოდან ფეხებით მირტყამდნენ, "სკოჩით" ამიკრეს თვალები. მერე ჩამაგდეს „მარშუტკის“ საბარგულში, გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. ამის მერე გამოცვალეს მანქანა, მერე ვერტფრენში ამიყვანეს, სადღაც 2 საათის განმავლობაში ვიფრინეთ და ბოლოს გემზე აღმოვჩნდი"
თამაზ შავშიშვილი, მიხეილ სააკაშვილის პირადი ვიდეოოპერატორი

„ჩემს სახლში შემოვარდნენ, სახეში ჩამარტყეს რევოლვერი, ძირს დამაწვინეს და ზემოდან ფეხებით მირტყამდნენ, "სკოჩით" ამიკრეს თვალები. მერე ჩამაგდეს „მარშუტკის“ საბარგულში, გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. ამის მერე გამოცვალეს მანქანა, სულ ორჯერ გამოცვალეს, მერე ვერტფრენში ამიყვანეს, ძირს დამაწვინეს და გავფრინდით.

სადღაც 2 საათის განმავლობაში ვიფრინეთ, ისევ მანქანაში გადამიყვანეს და ბოლოს გემზე აღმოვჩნდი. მითხრეს რომ სამი წლის ვადით აკრძალული მაქვს უკრაინაში შესვლა, იურისტები უკვე მუშაობენ და ვაპირებ გავასაჩივრო ჩემი უკანონო გატაცების ფაქტი.“

ყველაზე დიდი ხმაური უკრაინაში ივანე ნადირაძის (მეტსახელად „მოხუცი“) დაკავებამ და დეპორტაციამ გამოიწვია, რომელსაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა „უკრაინის სახალხო გმირი“ უწოდა.

47 წლის ნადირაძემ სამხედრო სასწავლებელი რუსეთში, ბალაშიხაში დაამთავრა. მისივე განცხადებით, საქართველოს უშიშროების სტუქტურებში თითქმის 10 წლის მანძილზე მუშაობდა და ვიცე-პოლკოვნიკის ჩინი აქვს. 2014 წელს, როცა უკრაინაში ომი დაიწყო ნადირაძეს თბილისში, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესი ჰქონდა, საქმე მიატოვა და მოხალისედ წავიდა.

ვანო ნადირაძე ბოლოს, კიევში, კარვების ქალაქის "დაცვის უფროსი" იყო
ვანო ნადირაძე ბოლოს, კიევში, კარვების ქალაქის "დაცვის უფროსი" იყო

თავიდან ნადირაძე მაშინ ლუგანსკის ოლქში დისლოცირებულ „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა, თუმცა, ახლა ირკვევა, რომ ორი კვირის თავზე, იგი ლეგიონიდან „რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის“ ბრალდებით გააძევეს. მოგვიანებით, იგი უკრაინის რადას დეპუტატ სემიონ სემენჩენკოს გარემოცვაში მოხვდა. 2017 წლის ზაფხულში, „მოხუცი“ დააკავეს, თუმცა დეპუტატ სემენჩენკოს წინააღმდეგობის გამო, მისი დეპორტირება ვერ შეძლეს, საქმე სასამართლომდე მივიდა.

2017 წლის სექტემბერში, დეპუტატ სემენჩესკოს პირად დაცვასთან და ბატალიონ „დონბასის“ ყოფილ მებრძოლებთან ერთად, ნადირაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა, პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მომხდარ მოვლენებში, რა დროს მოქალაქეობა ჩამორთმეული მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა.

17 ოქტომბრიდან, ნადირაძე სააკაშვილის მიერ კიევში, რადას წინ ორგანიზებული „ვეჩეს“ და კარვების ქალაქის დაცვის უფროსი იყო. ამ საპროტესტო აქციაზე, რომელიც უკრაინაში "მიხომაიდანად" მონათლეს, პრეზიდენტ პოროშენკოსა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

"ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი
"ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი

​აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი „ქართულ ლეგიონის“ მეთაურის მოადგილე შოთა კედელაშვილი ამბობს, რომ ნადირაძემ საქართველოში სასჯელი ორჯერ მოიხადა. მათ შორის, გამოძალვის გამო.

„ქართულ ლეგიონის“ მეთაურის მამუკა მამულაშვილის აზრით კი უკეთესი იქნებოდა თუ ნადირაძეს „ჯაშუშობისა და სხვა დანაშაულებისთვის" უკრაინაშივე გაასამართლებდნენ, მისი ინფორმაციით, ნადირაძეზე უკრაინაში 10-მდე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული:

ვანო ნადირაძე სულ 10 დღე იყო ჩვენთან, ეს ჩემი შეცდომა იყო, მისი შემდგომი ბედი ჩემთვის უცნობია, რადგან იგი სირცხვილით გავაგდეთ ლეგიონიდან. სწორედ ასეთი ადამიანები ახდენენ იმ მებრძოლების დისკრედიტაციას, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან“
მამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონის" მეთაური

„ვანო ნადირაძე საქართველოში გასამართლებული იყო ექსპრეზიდენტ შევარდნაძეზე მოწყობილი ტერორისტული აქტის გამო. „ქართულ ლეგიონში“ მისი გამოჩენიდან სამ დღეში, ჩვენი მებრძოლების შესახებ ინფორმაცია, სახელებით, გვარებითა და დაბადების თარიღებით რუსულ პრესაში მოხვდა.

სულ 10 დღე იყო ჩვენთან, ეს ჩემი შეცდომა იყო. მისი შემდგომი ბედი ჩემთვის უცნობია, რადგან იგი სირცხვილით გავაგდეთ ლეგიონიდან. სწორედ ასეთი ადამიანები ახდენენ იმ მებრძოლების დისკრედიტაციას, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან.“

„ქართული ლეგიონის“ უმძიმეს ბრალდებას ჯერჯერობით, არ გამოხმაურებია, არც თავად დეპორტირებული ნადირაძე და არც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის გარემოცვაშიც შედიოდა უშიშროების ვიცე-პოლკოვნიკი ბოლო თვეების მანძილზე.

ვანო ნადირაძე
ვანო ნადირაძე

​ნადირაძესთან დაკავშირებით „ქართული ლეგიონის“ პოზიციაზე, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების სხვადასხვა ჯგუფებს არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ. ამიტომ, ექსპერტები არ გამორიცხავენ, მათ შორის, დაპირისპირების გაღრმავებას, რაც, ბუნებრივია, ხელს აძლევს უკრაინის ხელისუფლებას და კიდევ უფრო ასუსტებს, სააკაშვილის შერყეულ პოზიციებს.

უკრაინის ხელისუფლებამ ანალოგიურად, უხეში ძალის გამოყენებით, 22 ოქტომბერს, ქვეყნის ტერიტორია ოდესის ყოფილი გუბერნატორის გარემოცვის სამ წევრს: სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსს გიორგი რუბაშვილს, პირად მძღოლს მიხეილ აბზიანიძეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებისა და შეფასების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, თადარიგის პოლკოვნიკ დავით მაყიშვილის დაატოვებინა, რომელმაც უკრაინელი მებრძოლების გაწვრთნაში დიდი წვლილი შეიტანა.

უკრაინიდან თადარიგის პოლკოვნიკი დავით მაყიშვილიც გამოაძევეს
უკრაინიდან თადარიგის პოლკოვნიკი დავით მაყიშვილიც გამოაძევეს

2014 წლიდან, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი მძიმედ დაიჭრა. ქართველმა მოხალისეებმა ბოლო დანაკარგი ოქტომბრის ბოლოს განიცადეს, როცა დონეცკის აეროპორტთან გიორგი სარალიძე („გიურზა-2“) მოკლეს.

უკრაინელთა მხარეს დაღუპული ქართველი მეომრები (2014-17)

ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 18.12.2014 სჩასტიე, ლუგანსკი

თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015 დონეცკის აეროპორტი

ალბერტ ატოიანი, 22.01.2015 კონსტანტინოვკა, დონეცკი

გიორგი ჯანელიძე 18.04.2015 შიროკინო, მარიუპოლი

კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015 მარიუპოლი

გიორგი ბარათელი 08.08.2015 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

ირაკლი ქუთელია 09.12.2015 ოპიტნოე, დონეცკი

რეზო წიკლაური 29.04.2016 ავდეევკა, დონეცკი

დავით გამსახურდია 08.10.2016 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

დავით სიხარულიძე 11.05.2017, ნოვოლუგანსკოე, დონეცკი

გიორგი სარალიძე 31.10.2017 დონეცკის აეროპორტი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG