11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წელი ხდება. ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად, ასი წლის წინ მომხდარი მასობრივი სასაკლაოს შესახებ, უამრავი განცხადება კეთდება, მიმდინარეობს მრავალმხრივი მსჯელობა და კამათი.
კვირას, ფრანგულ სოფელ ორსში ასობით მგლოვიარე ადამიანი შეიკრიბა, ზოგიერთი შეერთებული შტატებიდან და ახალი ზელანდიიდანაც ჩავიდა. როგორ უნდა მოიქცნენ ომში გამარჯვებული ქვეყნები, საზეიმო ტონი ჰქონდეთ თუ სამხედრო გამარჯვებაზე ზედმეტი ყურადღება არ გაამახვილონ, რათა ომში დამარცხებულ ევროპელ მეზობლებს, რომლებიც ახლა მათი მოკავშირეები არიან, წყენა არ მიაყენონ?
მთელი მსოფლიოდან 80 ლიდერი, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ამ კვირაში საფრანგეთში ჩაფრინდება, რათა დასავლეთის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების დასრულების ასი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწროს. საფრანგეთში გამართული მოსაგონებელი ღონისძიებების კულმინაცია, ორშაბათს, პარიზის ტრიუმფალურ თაღთან გამართული ცერემონია გახდება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტრიუმფალიზმის თავიდან არიდების მომხრე იყო. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან წარმოთქმული მაკრონის სიტყვა, ოთხწლიან კონფლიქტში დაღუპული მილიონობით ადამიანის მიმართ პატივისცემით იქნება გამსჭვალული, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ისინი.
პირველ მსოფლიო ომში თითქმის 37 მილიონი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბევრი ადამიანის აზრით, ომი უფრო არასაჭირო სასაკლაო იყო, ვიდრე გამარჯვება, რომელიც სამხედრო ზარ-ზეიმით უნდა აღინიშნებოდეს.