ვაშინგტონში მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან ყოველდღიურად ასობით ადამიანი მოდის, რათა დაღუპული ნათესავების, თუ მეგობრების ხსოვნას პატივი მიაგონ. მათ შორისაა სივინ ჯონსონი, რომელმაც საფრანგეთში მიმდინარე ბრძოლებში ხელი დაკარგა. მაშინ ის 19 წლის ამერიკელი ჯარისკაცი იყო.
„სოფელ ობერჰოფენთან ვიბრძოდით, რომელიც სტრასბურგიდან დაახლოებით 20 მილში მდებარეობს. სამჯერ ვცადეთ სოფლის აღება. ბოლოს გერმანელები ერთ კუთხეში მოვიმწყვდიეთ, ობერჰოფენის განაპირა მხარეს. ჰარის ტანკის ხმა მოესმა, რომელიც ქუჩიდან გვიახლოვდებოდა და იქით არტილერია გაუშვა. ტანკი ააფეთქეს და მეც მაშინ დავიჭერი“ - ყვება ვეტერანი.
92 წლის ფრედერიკ დუგლას უილიამსი სამხედრო პილოტი იყო. ის „ტასკიგის მფრინავთა“ სახელით ცნობილ პილოტებს შორის იბრძოდა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ფერადკანიან ჯარისკაცთა 332-ე და 447-ე ბომბარდირთა ჯგუფები ერთიანდებოდნენ. მისი თქმით, ყველაზე რთული არა უშუალოდ ბრძოლები, არამედ საყვარელი ადამიანების დატოვება და მათგან სიშორე იყო.
„მომეწონა უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამი. მან ერთხელ თქვა, რომ ჯარში ის ადამიანებიც მსახურებდნენ, ვინც შინ იჯდა და ელოდა: დედები, ძვირფასი ადამიანები. ჩემი საბრალო დედა კინაღამ გაგიჟდა. ჩვენ ველოდით ამას და ყველაფრისთვის მზად ვიყავით, მაგრამ ისინი - არა. გამუდმებით გაიძახოდა: სად არის ჩემი შვილიო“ - ყვება სამხედრო მფრინავი.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის 1944 წლის 6 ივნისი, ნორმანდიაში, საფრანგეთის პროვინციაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღემ მსოფლიო ისტორიის კურსი შეცვალა და გერმანიაზე მოკავშირეთა საბოლოო გამარჯვებას ჩაუყარა საფუძველი. წელს მილიონობით ადამიანი აღნიშნავს მოკავშირეთა გაერთიანების 70 წლის იუბილეს, საფრანგეთის ნაცისტებისგან გათავისუფლების დასაწყისს. კრისტოფერ იანგი ამ თემაზე დაწერილი წიგნის ავტორია, რომელშიც ის მოკავშირეთა ჯარების ნორმანდიაში გადასხმისთვის მზადების ისტორიას ყვება.
„ეს მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციაა, სავარაუდოდ ყველაზე დიდი ამფიბიური იერიში, რომელიც როდესმე განხორციელებულა. წარმატება უდიდესმა სამხედრო ჩანაფიქრმა, მახვილგონიერებამ და შეუპოვრობამ მოიტანა“ - აღნიშნავს მწერალი.
ბრიგადის გენერალი ბრუნო კეიტუკოლი ვაშინგტონში მდებარე საფრანგეთის საელჩოში თავდაცვის ატაშედ მსახურებს. მისი 94 წლის მამაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. ბრუნოს თქმით, მამა ყოველთის ცდილობდა მისთვის აეხსნა და გამუდმებით უსვამდა ხაზს იმას, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანია იყო მზად დაიცვა ის რაც წაგართვეს: თავისუფლება და დემოკრატია“. ბრუნო ფოტოს გვაჩვენებს, რომელსაც ის საელჩოს კედელზე კიდებს.
„ამ სურათზე ომაჰას სანაპიროა, სისხლიანი ომაჰასი, რომელზეც ცნობილი კოლვილის სასაფლაოა. იქ ერთდროულად ორი დროშაა აღმართული: საფრანგეთის და ამერიკის. სანაპიროზე შეკრებილი დაახლოებით სამი ათასი ადამიანი ქმნის შემდეგ წარწერას: „ამას არასოდეს დავივიწყებთ“ - ამბობს საფრანგეთის თავდაცვის ატაშე ამერიკაში.
მოკავშირეთა ძალებმა მეორე მსოფლიო ომში უამრავი ჯარისკაცი დაკარგა. თუმცა, მრავალეროვანი ადამიანებისგან შემდგარი არმიის თავგანწირვას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ნაცისტური გერმანია მოკავშირეებს 1945 წელს საბოლოოდ დანებდა.