ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო და რუსეთი ტაქტიკას ცვლიან


იმ დროს, როცა შეიარაღებული ქვედანაყოფები რუსეთიდან, უკრაინის სასაზღვრო პოსტებს ყოველდღიურად ესხმიან თავს, ორშაბათს რუსეთმა დასავლეთის სამხედრო ალიანსი გააფრთხილა, რომ შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთისკენ არ გადაისროლოს.

ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა, ალექსანდრე გრუშკომ ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ თუ ნატო სამხედრო პოტენციალს აღმოსავლეთის მიმართულებით გააძლიერებს, მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ცვლილებამ რუსეთის უსაფრთხოებაზე გავლენა არ იქონიოს.

გრუშკომ ეს განცხადება ნატო-რუსეთის შეხვედრის წინ გააკეთა, რომლისთვისაც მხარეები ბოლო სამი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ.

ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, სამშაბათს და ოთხშაბათს, რუსეთიდან განხორციელებული სამხედრო იერიშების საკითხი, სავარაუდოდ, ამ დებატების წამყვანი თემა იქნება.

რუსეთის მიერ უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერის საკითხი გადაფარავს ხუთშაბათის საზეიმო ცერემონიას, რომელიც მოკავშირეების ევროპაში გადასხდომის 70-ე წლისთავს ეძღვნება. სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად, ამ ცერემონიას ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაესწრებიან.

ამ ფონზე, ლუგანსკში უკრაინის სასაზღვრო ძალებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს გამართული შეტაკებები რუსეთიდან შესული 500-მდე შეიარაღებული ადამიანის თავდასხმის მოგერიება იყო.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთიდან განხორციელებული სამხედრო თავდასხმების მიმართ მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს. პარასკევს, ლიტვაში ვიზიტისას მან თქვა:

რუსეთის მიერ უკრაინის არაკანონიერი ოკუპაცია თამაშის წესებს ცვლის. ის რაც უცვლელი რჩება არის ნატოს განუხრელი თავდადება მოკავშირეების დასაცავად. არავინ დაუშვას შეცდომა - ნატო ალიანსის თითოეულ ნაწილს დაიცავს. არც ერთი მოკავშირე მარტო არ არის.“

მან ასევე განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ უკრაინაში დესტაბილიზაციას რუსეთი იწვევს და დასძინა: „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს უკრაინაში შეიარაღებული ბანდების მხარდაჭერა და დახუროს საზღვრები, რათა აღიკვეთოს უკრაინაში იარაღისა და მებრძოლების შესვლა.“

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში კრემლმა უკრაინის საზღვართან დისლოცირებული 40 ათასი ჯარისკაცის დემობილიზაცია მოახდინა. უკრაინაში შეიარაღებული ძალების შეყვანის ნაცვლად, როგორც ჩანს, კრემლი მოხალისე მებრძოლებს აძლევს უფლებას გადაკვეთონ საკმაოდ დაუცველი რუსეთ-უკრაინის საზღვარი. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ პროპაგანდას შედეგი უკვე გამოაქვს და რუსეთის მოსახლეობის ერთ ნაწილს უკარაინელები მტრად მიაჩნია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ორგანიზაცია „ლავადას“ ინფორმაციით, რუსების 56 პროცენტი უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გაგზავნის წინააღმდეგია. მაგრამ თითქმის იგივე რაოდენობას - დაახლოებით 58 პროცენტს - მიაჩნია, რომ კრემლმა უკრაინაში სეპარატისტების დასახმარებლად იარაღი და სამხედრო მრჩევლები უნდა გაგზავნოს.

ჰადსონის ინსტიტუტის უსაფრთხოების ექსპერტი რიჩარდ ვაიტსი ამბობს, რომ რუსეთის სიტყვიერი და სამხედრო აგრესია გავლენას არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ დასავლეთზეც პოულობს: „უკრაინის მოვლენების ერთი დადებითი შედეგი ის არის, რომ ამან შეიძლება ნატოს ერთობა დაუბრუნოს.“

ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში კონვენციური შეიარაღებული ძალები არ შეიყვანა რუსეთის წინააღმდეგ სავარაუდო ეკონომიკური სანქციების თავიდან ასაცილებლად. ისინი რუსეთის ეკონომიკაზე სავარაუდოდ დიდ უარყოფით გავლენას იქონიებდა.

შეზღუდული სანქციები, რომლებიც დასავლეთს დღემდე აქვს დაწერსებული რუსეთის წინააღმდეგ, ქვეყნის ეკონომიკაში რეცესიას გამოიწვევს. გარდა ამისა, საბაზრო შოკი და რუბლის გაცვლის კურსის მნიშვნელოვანი არასტაბილურობა უცხოელ ინვესტორებს რუსეთის დატოვების ან ინვესტიციების ჩადებაზე უარის თქმისკენ უბიძგებს.

2014 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, რუსეთიდან 55 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცები იქნა გატანილი. ეს თანხა თითქმის უტოლდება შარშან მთელი წლის მანძილზე რუსეთში ჩადებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამასთან ერთად, საერთაშორისო საფონდო ბირჟების უმრავლესობამ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან და ბანკებთან ურთიერთობა შეწყვიტა. რუსეთის მიერ ყირიმის ანქსიის შემდეგ, არც ერთ რუსულ კომპანიას მისცემია საშუალება ევაჭრა უცხოური სავალუტო ბონდებით.
XS
SM
MD
LG