ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების ფონზე, რაც ძირითადად კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას ევროპის სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს. ამით ევროპაში ჯანდაცვის პრობლემების გარდა, ეკონომიკის ამუშავებას, მორიგი ჩაკეტვების და სხვა საკარანტინე შეზღუდვების თავიდან აცილებასაც ცდილობენ.
იტალიამ და ბრიტანეთმა საფრანგეთს მიბაძეს და მის მიერ არჩეული კურსი აიღეს. აუცრელ ადამიანებზე ისინი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ, რამაც საფრანგეთში კოვიდ-19-ზე იმუნიზაციის მასშტაბების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
ასევე ნახეთ: საფრანგეთში აცრებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდაამ ნაბიჯების გამო შაბათ-კვირას საფრანგეთში და იტალიაში საპროტესტო აქციები გაიმართა. ზოგიერთი ბრიტანელი კონსერვატორი დაიმუქრა, რომ ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ მოგვიანებით დანიშნულ პარტიის ყრილობას, რომელზე დასწრების მსურველთა მოთხოვნაში ვაქცინაცია შევიდა.
პირველადი შედეგები იტალიაში და ბრიტანეთშიც ადასტურებს, რომ მასობრივ ღონისძიებებზე დასასწრებად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის მოთხოვნამ ორივეგან წარმატებით იმუშავა. მას შემდეგ, რაც იტალიაში გამოცხადდა, რომ სტადიონებზე, მუზეუმებში, კინოთეატრებში, კონცერტებზე, აუზებზე თუ სპორტულ დარბაზებში მომდევნო თვიდან აუცრელები აღარ დაიშვებიან, 24 საათის განმავლობაში ზოგ რეგიონში კოვიდ-19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 200%-ით გაიზარდა.
აუცრელობა ახალ შეზღუდვებს მოიტანს, უარი ვაქცინაზე ახალ "ლოკდაუნს" ნიშნავს, თქვა პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ. იტალიის რამდენიმე რეგიონში კოვიდ-19-ის ინფექციის მორიგი აფეთქება დაფიქსირდა, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდა საგანგებო მდგომარეობა 31 დეკემბრამდე გაეგრძელებინა.
ასევე ნახეთ: კარანტინისგან "თავისუფლების დღე" ბრიტანეთის პრემიერმა კარანტინში აღნიშნაათასობით იტალიელი მას არ ეთანხმება და შაბათს ათობით ქალაქში საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. "მონასავით ცხოვრებას თავისუფლად სიკვდილი მირჩევნია" - ამ ტიპის ბანერებით იდგნენ მომიტინგეები მილანში. პანდემიის მასშტაბების შეზღუდვის ახალი ზომები იტალიაში 6 აგვისტოდან შემოდის.
საფრანგეთში დაახლოებით 160 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებზე. მიტინგებზე დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი, რის გამოც პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა. დაშავებულია 29 პოლიციელი.
"ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი მშვიდად და ერთმანეთის პატივისცემით გამოხატოს. თუმცა თავისუფლება ვერ იქნება იქ, სადაც სხვების მიმართ ვალდებულებები მოხსნილია" - თქვა ახალ ზომებთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა.
საპროტესტო აქციების მიუხედავად, როგორც იტალიაში, ისე საფრანგეთში, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ახალი ზომებით ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მომხრეა. ბოლო გამოკითხვები ადასტურებს, რომ ამ ზომებს ორივე ქვეყანაში გამოკითხულთა 65-დან 70 პროცენტამდე უჭერს მხარს.
ასევე ნახეთ: აშშ: ბრიტანეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავეთ