"ერთი ნაბიჯი უფსკრულამდე" - ევროპა და აშშ ისრაელს ირანის თავდასხმაზე თავშეკავებული რეაგირებისკენ მოუწოდებენ

ისრაელს ევროპელი მოკავშირეები მოუწოდებენ, გასულ უქმეებზე ირანის საჰაერო იერიშზე საპასუხო ქმედებების შეფასებისას, თავშეკავება გამოიჩინოს და უკან გადადგას ნაბიჯი, ახლო აღმოსავლეთში "უფსკრულის პირას მისული" ესკალაციისგან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს "ომის კაბინეტი", სავარაუდიდ, ორშაბათს ნაშუადღევს უნდა შეიკრიბოს და ქვეყნის პასუხი განიხილოს. ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კაბინეტის წევრები კვირასაც შეიკრიბნენ და ისინი საპასუხო ნაბიჯის გადადგმას ემხრობიან, მაგრამ მათი აზრი გაყოფილია იმის თაობაზე, თუ როდის და რა მასშტაბის უნდა იყოს ეს პასუხი.

ასევე ნახეთ: დიდი შვიდეულის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ

ისრაელსა და ირანს შორის ღია, პირდაპირი საომარი მოქმედებების დაწყების საფრთხისა და ღაზაში მიმდინარე ომის გამო მზარდი დაძაბულობის ფონზე, ამერიკის პრეზიდენტმა პრემიერ ნეთაანიაჰუს უთხრა, რომ შეერთებული შტატები არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ კონტრიერიშის მოქმედებებში. ამის შესახებ ამერიკის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ევროკავშირის არაერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ამერიკის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მსგავსად, ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

"ჩვენ უფსკრულის პირას ვართ და მას ერთი ნაბიჯი გვაშორებს", - თქვა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით. "ჩვენ მუხრუჭებს ფეხი უნდა დავაჭიროთ" - ამბობს ბორელი.

ასევე ნახეთ: უპრეცედენტო თავდასხმა: ისრაელმა ირანული დრონებისა და რაკეტების 99% გაანადგურა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელს მოუწოდა, ირანის იზოლირებაზე ფოკუსირდეს და არა - სიტუაციის ესკალაციაზე. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ირანი გააფრთხილა, აღარ განახორციელოს მეტი თავდასმა, ისრაელს კი მოუწოდა - დეესკალაციაში თავისი წვლილი შეიტანოს.

რუსეთს მისი მოკავშირე ირანი არ გაუკრიტიკებია, თუმცა "ესკალაციის რისკის შესახებ შეშფოთება" გამოხატა და ასევე თავშეკავებისკენ მოწოდებები გამოთქვა. "მეტი ესკალაცია არავის ინტერესებს არ შეესაბამება", - თქვა კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

ირანმა სირიაში, 1 აპრილს, დამასკოში მისი საკონსულოს შენობაზე სავარაუდოდ ისრაელის თავდასხმაზე პასუხად, ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის იყო ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებიც. მათ უმეტესობას სამიზნეებაამდე არ მიუღწევია და ისინი მანამდე ჩამოაგდეს. ამ იერიშის მოგერიებაში ისრაელის თავდაცვის ძალებს ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი და იორდანია დაეხმარნენ. დამასკოში თავდასხმას ირანის "რევოლუციის გვარდიის კორპუსის" ორი მეთაური და რამდენიმე ოფიცერი ემსხვერპლა.