ისრაელის თავდაცვის ძალებმა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იორდანიის სამხედრო ძალების დახმარებით, 99%-იანი შედეგი აჩვენა, 13-14 აპრილის ღამეს, ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმის მოგერიების დროს.
წინასწარი მონაცემებით, ირანის მიერ გაშვებული 36 ფრთოსანი რაკეტიდან და 185 საბრძოლო დრონიდან, ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა ყველა ჩამოაგდეს. 110 ირანული ბალისტიკური რაკეტიდან კი 103 გაანადგურეს.
ირანიდან, ასევე ერაყიდან და იემენიდან ნასროლმა საბრძოლო დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების დიდმა ნაწილმა ისრაელის ტერიტორიამდე საერთოდ ვერ მიაღწია, მოკავშირეებმა მათი ჩამოგდება ჯერ კიდევ ერაყის, სირიისა და იორდანიის საჰაერო სივრცეში შეძლეს.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევაა“დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების კონტრ-ადმირალი
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევაა“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კონტრ-ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ. მისი თქმით, „ირანული საფრთხე ცაჰალის ტექნოლოგიურ და საჰაერო უპირატესობას შეეჯახა, რომელმაც ძლიერ საბრძოლო კოალიციასთან სინთეზში, სამიზნეების აბსოლუტური უმრავლესობა გაანადგურა“.
ცაჰალის განცხადებით, ისრაელის შორი მოქმედების რაკეტსაწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის სისტემა Arrow-ს, რომელსაც ხმელეთიდან ამერიკული Thaad-ის და ზღვიდან ამერიკული Aegis-ის ანტისარაკეტო სისტემების ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა, მხოლოდ რამდენიმე ირანული ბალისტიკური რაკეტა „გაუძვრა“.
სულ, ირანის მასირებულ თავდასხმის დროს 30-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე დაშავდა, აქედან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, 7 წლის ბედუინი გოგონაა, რომელსაც ისრაელის სამხრეთში, არადთან ახლოს, სავარაუდოდ, ირანული რაკეტის ნამსხვრევი მოხვდა. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების თქმით, გოგონას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ირანმა ისრაელის სამხედრო ინფრასტრუქტურა ვერ დააზარალა. მხოლოდ მცირე ზიანი მიადგა, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ნევატიმის ავიაბაზას, რომელიც ქალაქ ბეარშევადან 15 კმ-ის მოშორებით, ნეგევის უდაბნოში მდებარეობს. სწორედ აქ არის დისლოცირებული ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების, ახალი თაობის - F-35I Adir-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები.
ასევე, ელიტური საჰაერო ესკადრილიები: „სამხრეთის ლომები“, „პირველი რეაქტიული“ და „ბერკუტი“. თავდასხმამ ავიაბაზის პარალიზება ვერ შეძლო, „ცაჰალის“ სამხედრო ავიაცია ფრენებს განრიგის მიხედვით განაგრძობდა და ირანული სამიზნეების განადგურებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ნევატიმის ავიაბაზა ირანის ისლამური რეაპუბლიკის არმიას სამიზნედ შემთხვევით არ შეურჩევია. ირანის დაზვერვის განცხადებით, სწორედ ამ ავიაბაზიდან მოხდა, 1 აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საელჩოზე იერიშის მიტანა, რა დროსაც ორი ირანელი გენერალი და მათი ხუთი მრჩეველი დაიღუპა.
ისრაელისა და მისი მოკავშირეებისგან განსხვავებით, ირანი ამტკიცებს, რომ საპასუხო საჰაერო თავდასხა ისრაელზე „წარმატებული“ იყო. ირანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თეირანში, მოსახლეობამ "ისრაელის განადგურება" ქუჩებში გასვლით იზეიმა.
„საქმე შეიძლება დასრულებულად ჩავთვალოთ. მაგრამ, თუ ისრაელის სიონისტური რეჟიმი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, ირანის პასუხი გაცილებით მკაცრი იქნება“ - ეს განცხადება გაეროში ირანის წარმომადგენლობამ გაარცელა.
„საქმე შეიძლება დასრულებულად ჩავთვალოთ"ირანის წარმომადგენლობა გაეროში
ისრაელმა ირანის უპრეცედენტო მასშტაბის საჰაერო თავდასხმის გამო, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეკრება მოითხოვა, რომელიც 14 აპრილს გაიმართება. ისრაელის ხელისუფლება ირანის თავდასხმის დაგმობასა და "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ითხოვს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელზე ირანის უპრეცედენტო თავდასხმა "უმკაცრესად დაგმო" და თქვა, რომ ამერიკა და მოკავშირეები ისრაელს დაეხმარნენ, რომ ყველა ირანული დრონი და რაკეტა ჩამოეგდო.