ევროკავშირის სამხედრო მისია აცხადებს, რომ ბოსნიაში უსაფრთხოების ვითარებას აკვირდება

ევროკავშირის სამხედრო მისია ბოსნია-ჰერცეგოვინაში აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკებს ვერ ხედავს. ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში დაძაბულობა იზრდება ბოსნიაში სერბების ლიდერის მილორად დოდიკის განმეორებითი მუქარის გამო, რომ ისინი დამოუკიდებლობის გამოაცხადებენ და მეზობელ სერბეთს შეუერთდებიან.

დოდიკი - რომელიც დესტაბილიზაციის მცდელობების და კორუფციის გამო, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სანქციების სამიზნე გახდა, არაერთხელ დაიმუქრა “სერბთა რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის გამოცხადებით, თუკი ბოსნიის ცენტრალურ ხელისუფლებასთან დავა იმის შესახებ, თუ ვინ არის ქვეყნის აქტივების კანონიერი მფლობელი, ბანია-ლუკას სასარგებლოდ არ გადაიჭრება.

23 აპრილს დოდიკმა პირობა დადო, რომ მეზობელ სერბეთთან გაერთიანების პროცესს დაიწყებს, თუ საკითხი მის სასარგებლოდ არ გადაწყდება და დაიმუქრა, რომ ტერიტორიული ერთეულის პოლიცია ბოსნიის სხვა ერთეულის - ბოსნიურ-ხორვატთა ფედერაციის საზღვარსაც გააკონტროლებს.

ასევე ნახეთ: დოდიკმა პუტინი დაუსწრებლად დააჯილდოვა

ევროკავშირის მისიის სპიკერმა, ემერ კელიმ „რადიო თავისუფლებას“ 26 აპრილს განუცხადა, რომ გაერთიანების ოპერაცია „ალთეა“ ყურადღებით აკვირდება ადგილზე პოლიტიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

„EUROFOR „ალთეას“ აქვს მოქნილი წარმომადგენლობა მთელ ქვეყანაში და ახორციელებს რუტინულ პატრულირებას მთელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რათა დაარწმუნოს საზოგადოების ყველა ჯგუფი, რომ აქ ვართ და ავიმაღლოთ ცნობიერება სიტუაციის შესახებ“, - თქვა კელიმ.

1995 წლის დეიტონის შეთანხმების თანახმად, რომელმაც ბოსნიის ომი დაასრულა, შეიქმნა ადმინისტრაციული სისტემა, რომლის მიხედვითაც ბოსნია რჩება დაყოფილ ფედერაციად სერბულ რესპუბლიკასა და ბოსნიურ-ხორვატთა ფედერაციას შორის, რომელსაც სუსტი ცენტრალური ხელისუფლება მართავს.

დოდიკი ცდილობს ამ ერთეულის სამხედრო, საპოლიციო და საგადასახადო ადმინისტრაცია ბოსნიის ცენტრალური მთავრობისგან გამოყოს, რაც დეიტონის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

ოპერაცია "ალთეა", ოფიციალურად ცნობილი, როგორც "ევროკავშირის ძალები ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის" (EUFOR) 2004 წელს ჩამოყალიბდა. EUFOR პასუხისმგებელია დეიტონის შეთანხმების სამხედრო ნაწილის აღსრულებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე. მის მანდატს, რომელიც მოიცავს სამხედრო ძალის გამოყენებასაც, გაეროს უშიშროების საბჭო ყოველ შემოდგომაზე ერთი წლით აგრძელებს.

EUFOR-მა არაერთხელ განაცხადა, რომ ის გამოიყენებს სამხედრო ძალას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "უსაფრთხო და სტაბილურ გარემოს სერიოზული საფრთხე ემუქრება და უსაფრთხოების არსებული სტრუქტურები დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება".