ბორელი ამბობს, რომ უკრაინის რეკონსტრუქცია რუსეთმა უნდა დააფინანსოს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეფ ბორელმა 1 დეკემბერს რეგიონული უსაფრთხოების მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ აპირებს კოლეგებთან განიხილოს ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება, რათა უზრუნველყოს, რომ რუსული ქონება და გაყინული ანგარიშები იქნას გამოყენებული ომით განადგურებული უკრაინის აღსადგენად.

"რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინის რეკონსტრუქციის ფასი", - თქვა მან.

ასევე ნახეთ: კიევის მტკიცებით, რუსეთს კვლავ უკანდახევა უწევს

ბორელმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ორდღიან მინისტერიალზე ისაუბრა. კონფერენცია პოლონურ ქალაქ ლოძში იმართება.

„დღეს შევხვდები ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებს... ჩვენ შევისწავლით ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოთ, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმ ნგრევისთვის, რომელსაც ის უკრაინაში იწვევს“, - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთის დანაშაულებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნის მომხრეა

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თითქმის 20 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა.