ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ მომხდარი სახიფათოა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას და პარტიის ოფისზე შტრუმის მიატანს, ეხმაურებიან ევროპარლამენტშიც. პარლამენტარების ნაწილი ამბობს, რომ ის, რაც ახლა საქართელოში ხდება არადემოკრატიული პროცესია და ამას გავლენა, აუცილებლად ექნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

"ჩემი თხოვნაა, რომ ყველა მხარემ მოძებნოს გზები დაძაბულობის განსამუხტად. დემონსტრაციები უნდა იყოს მშვიდობიანი და ყველა მხარემ უნდა მოუსმინოს პარტნიროებს. ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს სურთ დახმარება. ნებისმიერი დაბრკოლება, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში იქმნება, მომგებიანი მხოლოდ კრემლისთვისაა", - ამბობს მაიკლ გალერი, ევროპარლამენტის წევრი.

ასევე ნახეთ: აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია

გალერი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ კანონის უზენაესობა დაიცვან: "ვამზადებთ დეტალურ შეფასებას. კონფრონტაცია მატულობს. ამ ეტაპზე მხოლოდ შემიძლია, მოვუწოდო მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს გამოიჩინონ თავშეკავება, მოიძიონ ჯერ კიდევ არსებული არხები დიალოგისთვის. ვისურვებდი, რომ ნიკა მელია არ დაეკავებინათ. მმართველ პარტიაშიც ვნახეთ განხეთქილება - უფრო შემრიგებლური კურსი აეღოთ თუ კონფრონტაციული. სამწუხაროდ, აირჩიეს კონფორნტაციული კურსი. კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს, სასამართლო კი არაპოლიტიზებული",- ამბობს ევროპარლამენტარი.

ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრი, პეტრას აუსტრევიჩუსი თვლის, რომ ნიკა მელიას დაკავების, ასევე შტურმით ოფისში შესვლით, საქართველომ, სახიფათო პოლიტიკურ გზაზე გადავიდა.

"ეს ყველაფერი ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი ვერ იქნება. აქ რაღაც ფუნდამენტურად არასწორადაა და ეს არა ხალხს, არამედ, პოლიტიკას ეხება. პოლიტიკა საქართველოში კუთხეშია მიმწყვდეული და ეს ძალიან სარისკოა. ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ეს პროცესები დასასრულთან ახლოსაა. პოლიტიკურ ოპოზიციასთან ამ ფორმით ბრძოლა ევროპული გზა არ არის. ბუნებრივია, ამ ყველაფერს საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობის პერსპექტივაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება", ამბობს პეტრას აუსტრევიჩუსი.

ასევე ნახეთ: პავილიონისი "ენმ"-ს შტურმს პუტინისა და ლუკაშენკოს ხელწერას ადარებს

თბილისში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმაც. პიტერ სტანომ, მხარეებს მოლაპარაკებისა და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მელიას დაკავებამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი უფრო გაამწვავა.

„ნიკა მელიას დაკავებამ ვითარება უფრო გაამწვავა და პოლიტიკური კრიზისიც, როგორც ჩანს, უფრო ღრმავდება. ამ კონტექსტში ევროკავშირი იმეორებს თავის მოწოდებას და დაჟინებით მოითხოვს ყველა მხარისგან გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და პასუხისმგებლობა ესკალაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასაცავად.

ასევე ნახეთ: კინზინგერი: ეს საქართველოს მთავრობის შემაშფოთებელი ნაბიჯია

პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, მაგრამ ამავე დროს არის წინაპირობა კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გამკლავების. ასევე, მას საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეფორმების წარმოსადგენად და განსახორციელებლად, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად", ამბობს პიტერ სტანო, ევროკომისიის პრესსპიკერი.

ნიკა მელია დღეს დილით, საკუთარ ოფისში დააკავეს. მის დაკავებას წინ უძღოდა ენმ-ს ოფისში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მელიას დაკავებაზე კომენტარებს მთელი დღის განმავლობაში აკეთებდნენ, როგორც ამერიკის, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

ასევე ნახეთ: "შოკისმომგვრელი," - დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს