თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დღეს განაცხადა, რომ რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით, სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
ასევე ნახეთ: ბენეტი ამბობს, რომ ისრაელი შუამავლის ფუნქციის შესრულებას გააგრძელებსთურქეთს, რომელიც ნატოს წევრია, რუსეთთან და უკრაინასთან ზღვის მხრიდან საერთო საზღვარი აქვს. ანკარა აქამდე ორივესთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ახერხებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში განმეორებით შეიჭრა, თურქეთმა თავდასხმა მიუღებლად გამოაცხადა. ანკარამ მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვა და დაპირისპირებულ მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკების მასპინძლობა შესთავაზა.
თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ერდოღანს და პუტინს შორის საუბარი ერთი საათი გაგრძელდა. ანკარამ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში.
"ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტა არამარტო შეამსუბუქებს ჰუმანიტარულ ვითარებას რეგიონში, არამედ იძლევა პოლიტიკური რეზოლუციის გამონახვის შანსს" - ნათქვამია განცხადებაში. პრეზიდენტის ოფისის თქმით, "ერდოღანმა ხაზი გაუსვა სასწრაფო ნაბიჯების აუცილებლობას ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საქმეში".