თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ სჯერა, რუსეთის პრეზიდენტს სურს მარცვლეულის შეთანხმება გაგრძელდეს. განცხადება ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსკოვმა შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა.
ერდოღანმა დაამატა, რომ პროგრესის იმედი აქვს და აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი დღესვე ამ საკითხზე ისაუბრებენ.
ასევე ნახეთ: მარცვლეულის შეთანხმების მომავალი კვლავ ბუნდოვანიამარცვლეულის შეთანხმება, რომელიც გასული წლის ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით იქნა მიღწეული, უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტით, გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქებას ისახავს მიზნად.
რუსეთმა შეთანხმება ორშაბათს დატოვა. მოსკოვის თქმით, შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, არ განხორციელებულა.
„მიუხედავად დღევანდელი განცხადებისა, მე მჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურს ამ ჰუმანიტარული ხიდის შენარჩუნება“, - თქვა ერდოღანმა. „ჩვენ ასევე განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ რუსული სასუქისა და მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის გზის გასახსნელად“, - თქვა ერდოღანმა და დასძინა, რომ ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თურქეთში აგვისტოში უმასპინძლებს.
ასევე ნახეთ: რუსეთი მარცვლეულის მიმდინარე შეთანხმების შენარჩუნების საფუძველს ვერ ხედავსმარცვლეულის ხელშეკრულება რამდენჯერმე გაგრძელდა, მაგრამ მას ვადა ორშაბათს ამოეწურა. რუსეთი თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ მისი გახანგრძლივების პირობები არ სრულდებოდა.
მოსკოვის თქმით, მის მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს დაბრკოლებები ექმნება, მიუხედავად იმისა, რომ საქონელი არ არის დასავლეთის მიერ სანქცირებული. კრემლი რიგ მოთხოვნებს აყენებს, რომლებიც, მისი თქმით, არ კმაყოფილდება.
მოსკოვმა განაცხადა, რომ შეთანხმებას დაუბრუნდება, როგორც კი მისი რუსული ნაწილი შესრულდება.