საპრეზიდენტო კამპანია ემი კლობუჩარმაც შეწყვიტა

მინესოტის სენატორი ემი კლობუჩარი მესამე დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელმაც ბოლო ორი დღის მანძილზე კამპანიის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. პირველმა მარათონი მილიარდერმა ტომ სტაიერმა დატოვა. კვირას, კამპანიის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო პიტ ბუტეჯეჯმა, საუთ-ბენდის ყოფილმა მერმა.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ მათ რიგებს ემი კლობუჩარიც შეუერთდა. მან თავის მომხრეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ჯო ბაიდენს, აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს. ანალოგიური განცხადება გააკეთა პიტ ბუტეჯეჯმაც, რომელმაც შიდაპარტიული არჩევნები საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო პირველ შტატში, აიოვაში.

ჯერჯერობით დემოკრატთა საპრეზიდენტო მარათონის ლიდერია ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი. მას ამ ეტაპზე 58 დელეგატის ხმა აქვს გარანტირებული. 50 დელეგატით მეორე ადგილზეა ჯო ბაიდენი.

დღეს ე.წ. სუპერ-სამშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ შიდაპარტიული არჩევნები ერთდროულად 14 შტატში იმართება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ დღეებში დემოკრატ კანდიდატებში თუ ნომინანტი არა, ფინალისტები მაინც გამოიკვეთება.