ესპანეთი უპრეცედენტო არჩევნებისთვის ემზადება

კატალონიაში ხვალ არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნები უპრეცედენტო ვითარებაში გაიმართება, მას შემდეგ, რაც რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა,მადრიდმა მისი ხელისუფლება დაითხოვა, ნაწილი დააპატიმრა და დაშალა რეგიონის პარლამენტი. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, ოქტომბერში რეგიონის პარლამენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო.

კატალონიის მთავრობის რამდენიმე წევრი, მათ შორის რეგიონის პრეზიდენტი კარლეს პიუგდემონტი ბრიუსელში იმყოფებიან და ერთგვარ წინასაარჩევნო კამპანიას იქიდან აწარმოებენ.

არჩევნების შედეგების პროგნოზირება ბევრს უჭირს, რადგან გაუგებარია შეძლებენ თუ არა გამარჯვებას კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე ძალები ან როგორი იქნება მათი შემდგომი ნაბიჯები. გამოკითხვები აჩვენებს, რომ კატალონიელთა უმრავლესობას სურს უფლება ჰქონდეს საკუთარი ბედი გადაწყვიტოს, თუმცა მათი ნაწილი არაა დარწმუნებული უჭერს თუ არა მხარს ესპანეთისგან გამოყოფას.