ესპანეთში მიმდინარე პროცესები და კატალონიის მცდელობა, მოიპოვოს დამოუკიდებლობა - ევროპის ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც საკუთარ საზღვრებში სეპარატისტული მოწოდებები არაერთხელ მოუსმენია. ბევრი ევროპელი ლიდერი შიშით უყურებს პროცესს, რომელმაც შესაძლოა მათ ქვეყნებზეც იქონიოს გავლენა და არასასურველი პროცესები გაააქტიუროს.
მას შემდეგ, რაც კატალონიის საწინააღმდეგოდ, ოფიციალურ მადრიდს მხარი დაუჭირა, ევროკავშირის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ მას არ სურს რომ ხვალ ან ზეგ ევროკავშირში 95 განსხვავებული სახელმწიფო იხილოს.
„ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ დანაწევრება და დაყოფა, საკმარისად ვართ დაყოფილი და მეტი დაყოფა საჭირო აღარ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ კონტროლს, ქვეყნების ეროვნული მთლიანობა და ევროპული ერთიანობა არის ის, რაც თანხვედრაში უნდა იყოს“, - განაცხადა იუნკერმა გასულ კვირას. ამ განცხადებამ კატალონიელთა რისხვა გამოიწვია, რადგან ისინი თავს კატალონიელებად მიიჩნევენ და არა ესპანელებად.
შოტლანდიისა და ბელგიის პოლიტიკური ლიდერების გარდა, კატალონიელთა მხარდამჭერი განცხადება არავის გაუკეთებია. თუმცა ბევრმა გამოხატა შეშფოთება ოთხი ათეული წლის განმავლობაში ესპანეთში ყველაზე მწვავე კონსტიტუციური კრიზისის პასუხად მადრიდის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო.
ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონი ამჟამად ოფიციალურად არც დამოუკიდებელია და არც მადრიდის პირდაპირი ხელისუფლება ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური და აგდილობრივი ხელისუფლების მიერ ორივე პროცესი გამოცხადებულია. რეგიონის ლიდერი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება და ქვეყანას შეიძლება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართოს.
მიუხედავად იმისა, როგორ ვითარდება პროცესები, უფრო და უფრო ცხადი ხდება ის, რომ სეპარატისტული მოძრაობები ევროპელი ლიდერების დიდი თავსატეხია და მათ წარმატებას ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც კი შიშით ადევნებენ თვალს.
„ბრექსიტისა“ და ნაციონალისტური მოძრაობების გაძლიერების პარალელურად ევროკავშირის წარმომადგენლებს ახლა ყველაზე ნაკლებად სწორედ საზღვრების ცვლილება და კონტინენტის ფინანსურ ბაზრებზე რყევები სურთ.
ევროგაერთიანების წინაშე არაერთი კომპლექსური პრობლემა ჩნდება, დარჩეს თუ არა რეგიონი ევროკავშირის საზღვრებში, რა გავლენა ექნება ამას ეკონომიკაზე, როგორ მოხდება ვალების გადახდა და ა.შ. ამგვარი პროცესის შესაფერხებლად ოფიციალური პირები ხშირად უბრუნდებიან ე.წ. ბაროსოს დოქტრინას, რომელიც ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, ხოსე მანუელ ბაროსოს პატივსაცემად მოიხსენიება ამგვარად. ის ეფუძნება 2012 წელს ბაროსოს მიმართვას შოტლანდიისადმი, რომლითაც აფრთხილებდა, რომ თუკი ის ბრიტანეთს გამოეყოფოდა, ევროზონისა და ევროკავშირის წევრობის იმედი არ უნდა ჰქონოდა.
კატალონიის კრიზისი ბრიუსელს თავს დაატყდა იმ მცირედი შვების შემდეგ, რაც საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ცენტრისტული ძალების გამარჯვებამ მოიტანა. გერმანიაში კი ანგელა მერკელის კვლავ გამარჯვებამ ევროპელებს დამატებით იმედი გაუჩინა, რომ ნაციონალისტურმა ტალღამ განსაკუთრებული წარმატებების გარეშე ჩაიარა.
გაძლიერდება თუ არა სეპარატისტული მოძრაობები სხვა ევროპულ სახელმწიფოებში - ამ კითხვას ახლა ბევრი სვამს. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, კატალონიელთა წარუმატებელმა მცდელობამ შეიძლება სხვების მოტივაციაც შეასუსტოს.
კონტინენტზე 20-მდე რეგიონია, სადაც სახელმწიფოს სტატუსი თუ ავტონომია პრობლემური საკითხია. ზოგიერთი მათგანი ბრიუსელისთვის განგაშის საფუძველი ნამდვილად ვერ გახდება. . მაგალითად, მცირე დანიური კუნძული ბორნჰოლმი და ფაროს კუნძულები, ისევე როგორც ფრანგული კუნძული კორსიკა. ამ ორ უკანასკნელს არც ისე დიდი მოსახლეობა ჰყავს - 39 000 და 50 000 ადამიანი. კორსიკის ნაციონალისტური მოძრაობა კი უფრო ფართო ავტონომიას 1960-იანი წლებიდან ითხოვს და ბოლო ორი წლის განმავლობასი საკითხი იქაც გამწვავდა.
ევროპის ზოგიერთ სხვა რეგიონში დამოუკიდებლობის მხარდამჭერი მოძრაობები ასევე ძლიერია. მაგალითად ბავარია, ბრიტანი, სზეკელის მიწა რუმინეთში, ჩეხეთის რესპუბლიკის ზემო სილეზია და მორავია, იტალიის სიცილია და ა.შ. თუმცა აქ პოლიტიკური მდგომარეობა ამდენად დაძაბული არ არის. ამ კუთხით გაცილებით საყურადღებო შეიძლება ბელგიის შემთხვევა იყოს, რადგან ფლანდრიის ოლქი, ჰოლანდიურ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობითა და კეთილდღეობით ცნობილი რეგიონი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარეობს, მისგან გამოყოფას დიდი ხანია მხარს უჭერს. პარტია კი, რომელიც ამჟამად ყველაზე მეტი ადამიანითაა წარმოდგენილი ქვეყნის ფედერალურ პარლამენტში, სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს გააქტიურებას მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების პარალელურად.
საყურადღებოა ასევე ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონები იტალიაში, რომელთა მოსახლეობაც ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს შეადგენს და უმინშვნელოვანეს ტურისტულ ადგილებს მოიცავს. კატალონიელთა მსგავსად, ისინიც წუხან იმაზე, რომ მათ მიერ აგდახდილი აგდასახადები სხვა რეგიონების სუბსიდირებას ხმარდება და თავად მათ ნაკლები სარგებელი ხვდებათ.
Facebook Forum