სალვადორ დალის და ანტონიო გაუდის სამშობლო ესპანეთისგან გამოყოფას მოითხოვს. კატალონიის კრიზისი, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, ჯერ ისევ მწვავეა. კატალონიის ლიდერი კარლეს პიგემონტი აცხადებს, რომ კატალონიის პარლამენტიკენჭს უყრის დამოუკიდებლობის საკითხს, თუ ესპანეთის მთავრობა დიალოგში არ ჩაერთვება და ავტონომიის გაუქმების მუქარას განაგრძობს. თავის მხრივ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი პიგემონტისგან ითხოვს დააკონკრეტოს გამოაცხადა თუ არ კატალონიამ დამოუკიდებლობა რეფერენდუმის შემდეგ.
ცოტა ხნის წინ, ესპანეთის პოლიციამ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები დააკავა. ცენტრალური მთავრობა და ევროკავშირი არ აღიარებენ 1 ოქტომბერს რეგიონში გამართულ რეფერენდუმს.
ჰადსონის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე, ამერიკაში ესპანეთის ელჩმა განაცხადა, რომ ცენტრსა და რეგიონს შორის მოლაპარაკება შესაძლებელია, მხოლოდ არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოში.
„ჩვენ არავისთვის არ აგვიკრძალია დიალოგის ქონა. ჩვენ ვერ მივიღებთ იმას, რომ ჯერ კანონს დაარღვევ და მერე ითხოვ დიალოგს. ჩვენ კანონის გზით უნდა ვიმოქმედოთ, და ვფიქრობ რომ არ არსებობს უკმაყოფილება, რომელიც კატალონიას აქვს და რომლის მოგვარებაც კანონის და 1978 კონსტიტუციის ფარგლებში შეუძლებელია. ვინმეს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ მე ვფიქრობ კატალონიის საკითხის გადაწყვეტა კანონით და სიყვარულით უნდა მოხდეს. ჩვენ ერთამენთთან დაკავშირებული ვართ ოჯახური, ბიზნეს თუ სხვა სახის ინტერესებით. ჩვენ უნდა ვეცადოთ ამ სიტუაციის ცივილიზებული გზით გადაჭრას. და ჩვენ ამის ინსტრუმენტები და სურვილი გაგვაჩნია, თუმცა კიდევ ერთხელ კანონის ფარგლებში“, - ამბობს პედრო მორენესი ესპანეთის ელჩი აშშ-ში.
რამდენიმე დღის წინ, კარლეს პიგემონტმა ოფიციალურ მიმართვაში აღნიშნა, რომ კატალონია ორი თვით აჩერებდა გამოყოფის პროცესის აღსრულებას, თუმცა პირდაპირ პასუხს მადრიდის კითხვაზე, არის თუ არა ეს კატალონიის მიერ თავისუფლების გამოცხადება, მან თავი აარიდა.
კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება მადრიდს მისცემდა შესაძლებლობას, კონსტიტუციის შესაბამისად აღედგინა პირდაპირი კონტროლი რეგიონზე და გაეუქმებინა მისი ავტონომია.
1978 წლის კონსტიტუციით, კატალონიამ ფართო ავტონომია მიიღო. თუმცა კატალონიური ენისა და კულტურის რეპრესიამ, ფრანცისკო ფრანკოს რეჟიმის მიერ უკუშედეგი გამოიღო და ნაციონალისტური მისწრაფებების ზრდა გამოიწვია.
ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობამ, და ბრიუსელმა მხარი ცენტრალურ ხელისუფლებას დაუჭირა და ერთიანობის მოწოდებით გამოვიდა.
"მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ლიდერებმა მხარი დაუჭირონ ქვეყნის ერთიანობას დაყოფილ ქვეყანაში, ვინაიდან ისინი კარგად ხედავენ იმ შედეგებს რაც შეიძლება ამას მოჰყვეს ევროკავშირისთვის და ევროკავშირის ლიდერებისთვის, მაგალითად საფრანგეთს საკუთარ ნაციონალისტურ მოძრაობებთან უწევს გამკლავება. სწორედ ამიტომ ესპანეთისადმი მხარდაჭერა დიდია. ამერიკის შემთხვევაშიც იგივე ვიხილეთ., მარიანო რახოი გასულ თვეს ამერიკაში იმყოფებოდა, ის პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა, რომელმაც ესპანეთს ასევე ერთიანობისკენ მოუწოდა", - თქვა ბენჟამინ ჰადადმა, ჰადსონის ინსტიტუტიდან ამერიკის ხმასთან საუბარში.
ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ დრომდე ახალი სახელმწიფო არ შექმნილა. კატალონიის გამოყოფამ შესაძლოა ესპანეთის და ევროპის სხვა რეგიონებში დამოუკიდებლობის მოთხოვნა განაპირობოს, მათ შორის ბელგიის ფლანდრიაში.
კატალონიელების უკმაყოფილებას გარდა კულტური ფაქტორებისა, ეკონომიკური ფაქტორებიც იწვევს. ერთადერთი უფლება რაც რეგიონს არ გააჩნია, გადასახადების აკრეფაა. კატალონიელები ესპანეთის ბიუჯეტში მათი შენატანის არათანაბარ გადანაწილებას აპროტესტებენ. თუმცა გამოყოფის შემთხვევაში, კატალონიის ეკონომიკას ისევე როგორც ცენტრალურ მთავრობას, მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებთან მოუწევს გამკლავება.
Facebook Forum