ისრაელის ძალებმა ხუთშაბათს, 9 ნოემბერს, პალესტინელების ქალაქი ჯენინი დაარბიეს. ერთსაათიანი ბრძოლა შეიარაღებულ პირებთან 14 ადამიანის სიკვდილით დასრულდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეტაკება ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ბოლო თვეების განმავლობაში.
კიდევ ოთხი პალესტინელი მოკლეს ისრაელის ჯარისკაცებმა ცალკეულ ინციდენტებში დასავლეთ სანაპიროზე. ინფორმაცია ამის შესახებ პალესტინელების ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ძალადობის შემთხვევები გაიზარდა დასავლეთ სანაპიროზეც.
ასევე ნახეთ: პალესტინელთა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის სამიზნე საავადმყოფო იყოთვითმხილველების თქმით, სროლის ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა. ისრაელის ჯარები კარგად შეიარაღებულ მებრძოლებს ჯენინის ქუჩებსა და მის მიმდებარე ლტოლვილთა ბანაკში ებრძოდნენ.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ კონტრტერორისტული ოპერაციები ქალაქში ჩაატარეს და შეიარაღებული მებრძოლების ჯგუფზე თავდასხმისთვის დრონები გამოიყენეს. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ 20 ეჭვმიტანილი დააკავეს და იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
შეტაკებები ასევე მიმდინარეობდა და შედეგად დაღუპულები იყვნენ ბეთლემთან, ნაბლუსთან და ჰებრონთან, ისევე როგორც რამალას გარეუბანში. სულ მცირე 178 პალესტინელი მოკლეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელზე მომხდარი ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ.