ეგვიპტეს მოსახლეობა რევოლუციის შემდეგ პირველ ხელისუფლებას ირჩევს, მაგრამ მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთავრობა ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას ვერ შეძლებს.
ეგვიპტეს რევოლუციის შემდეგ ქვეყანა პირველად მართავს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც უკვე რამდენიმე ხანია ქვეყანაში პოლიტიკური დებატების ყველაზე მწვავე თემაა. მიუხედავად დაძაბულობისა, ეგვიპტელებს გაუჩნდათ იმედი, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. თუმცა, არავინ ფიქრობს იმას, რომ ეკონომიკაშიც მსგავსი ტენდენციებია.
მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკურ სიდუხჭირეს ბოლო არ უჩანს. ეგვიპტეს ახალგაზრდობის დახლოებით 25 პროცენტი უმუშევარია. საიდ ზაქი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც სამსახურს ეძებს.
ის ამბობს, რომ არ იცის საით მიდის ქვეყანა - ერთი კრიზისიდან გამოვდივართ და მეორეში შევდივართ.
ნილოსის დელტასთან მდებარე ქალაქ ზაგაზიგში ნაგი ელ დინ ოსმანი ბაზარში ბოსტნეულს ყიდის. მდგომარეობით არც ოსმანია კმაყოფილი: რევოლუციის შემდეგ სურსათზე ფასებმა კატასტროფულად მოიმატა, რამაც მოტივაციაც გაგვიქრო და ფასებზე კონტროლი დაგვაკარგინა.
ეკონომიკურ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ეგვიპტეში არეულობის დაწყების შემდეგ შავი ბაზარი უკიდურესად მოქნილი გახდა. აქ ისეთი სურსათის ყიდვა შეიძლება, რომელიც ვიღაცის მიერ არის სუბსიდირებული და საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე ბაზარში ნაყიდი პროდუქტი. ზაქის თქმით, რიგით ეგვიპტელს დღეს ყველაფერი აკლია.
ის აცხადებს, რომ ხშირად შეუძლებელია ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის ყიდვა, როგორიცაა, მაგალითად პური ან საწვავი.
ზარალი მხოლოდ რიგით მოქალაქეებს არ ადგებათ. ქვეყნის ეროვნული ვალი კატასტროფულად იზრდება, უცხოელი კრედიტორები ქვეყანას ტოვებენ და დემონსტრაციებისა და ხშირი დაპირისპირებების გამო ეგვიპტეში ტურიზმის ინდუსტრია თითქმის ბოლომდე გაქრა.
დასავლური ორიენტაციის მქონე ეკონომისტები აცხადებენ, რომ ეგვიპტეს უცხოური ნაღდი კაპიტალი სჭირდება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის იქნება გამოყენებული. თუმცა, ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ უცხოელი დონორების მიმართ ნდობა თითქმის გამქრალია. წლის დასაწყისში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ეგვპიპტელებს განსაკუთრებით ამერიკისგან არ სურთ დახმარების მიღება.
ხალხი ამბობს, რომ ეგვიპტე მდიდარი ქვეყანაა და საკუთარი თავის შენახვას ადვილად მოახერხებს. მათთვის მთავარ პრობლემას კორუფცია წარმოადგენს.
ზაქის თქმით, ეგვიპტეს უამრავი რესურსი გააჩნია, მაგრამ ისინი სწორად არ არის გადანაწილებული.
პრეზიდენტობის თითქმის ყველა კანდიდატი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებს და იმ ფავორიტიზმის დამთავრებას შეუწყობს ხელს, რომელიც ჰოსნი მუბარაქის დროს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამ დაპირების გარდა კანდიდატების ეკონომიკური გეგმა ჯერ-ჯერობით ისევ გაურკვეველი და ზოგადია.
უკეთესი ცხოვრების დაპირება ეგვიპტეს რევოლუციის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო. მაგალითად, აბედ ჰამიდი ზაგაზიგის მკვიდრი ხანში შესული მამაკაცია. მისი თქმით მთელი ცხოვრებაა მთავრობის დაპირებებს ისმენს მაგრამ სინამდვილეში არაფერი ხდება. ერთადერთი რაც თითოეულ ეგვიპტელს სურს არის ის, რომ ადამიანმა ოჯახი უპრობლემოდ არჩინოს.