სამშაბათს გამოქვეყნებული ორი ნაშრომის მიხედვით, ძაღლის ყოლა სიკვდილიანობის რისკს საშუალოდ 24%-ით ამცირებს. საუბარია ნებისმიერი გზით დაღუპვის მაჩვენებელზე იმ ხალხთან შედარებით, ვისაც ძაღლი არ ჰყავს. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია ადამიანებში, ვინც ინფარქტი, ან ინსულტი გადაიტანა. ძაღლის ყოლა საშუალოდ 33%-ით ამცირებს სიკვდილის რისკს მათში, ვისაც ინფარქტი ჰქონდა და 27%-ით - იმ ადამიანებში, ვინც ინსულტი გადაიტანა.
ერთ-ერთ ნაშრომში მკვლევარებმა 3.8 მილიონი პაციენტის მონაცემები შეისწავლეს და შეაჯამეს. ისინი რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას წარმოადგენდნენ: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, კანადა, სკანდინავიის ქვეყნები, ახალი ზელანდია და ავსტრალია. მეორე ნაშრომი თავს უყრის შვედეთში მცხოვრები, 336 000-ზე მეტი ქალის და კაცის მონაცემებს.
ორივე ნაშრომი გამოქვეყნდა ამერიკის გულის ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალში „ცირკულაცია“. ერთი სამეცნიერო ნაშრომია, მეორე კი მეტაანალიზი.
მართალია, აღნიშნული კვლევები მხოლოდ მონაცემებს აანალიზებს და არ ცდილობს მთავარი მიზეზების დადგენას, მეცნიერების აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ ძაღლის მეპატრონეთა შორის გაცილებით მაღალია ფიზიკური და სოციალური აქტივობის შანსი. ამასთან, წინა კვლევებიც ადასტურებს, რომ ძაღლთან ურთიერთობა, მასთან თამაში და ფერება, ამცირებს სტრესს და დაბლა წევს სისხლის წნევას.
„ვიცით, რომ სოციალური იზოლაცია ჯანმრთელობის გაუარესების და ნაადრევი სიკვდილიანობისთვის ძლიერი რისკ-ფაქტორია. ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლის პატრონები გაცილებით ნაკლებად არიან იზოლირებულები და სხვა ადამიანებთან უფრო მეტად ურთიერთობენ“ - ამბობს ტოუვ ფოლი, შვედი პროფესორი ამერიკის გულის ასოციაციის პრესრელიზში. „უფრო მეტიც, ძაღლის ყოლა კარგი მოტივაციაა ფიზიკური აქტივობისთვის, რაც რეაბილიტაციისთვის და ფსიქიკური სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“ - ამბობს ის.
ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი კეროლინ კრეიმერიც იგივეს ამბობს: „ძაღლის ყოლა ასოცირდება ფიზიკური ვარჯიშის ზრდასთან, გაცილებით დაბალი წნევის დონესთან და ქოლესტერინის უკეთეს პროფილთან... ამიტომ ეს აღმოჩენა გარკვეული თვალსაზრისით მოსალოდნელი იყო: ის ხალხი, ვისაც ძაღლი ჰყავს, უფრო დიდ ხანს ცოცხლობს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით მათი დაღუპვის რისკიც ასევე დაბალია“.
დასავლეთის ქვეყნებში ძაღლის, ან სხვა შინაური ცხოველის ყოლა თანდათან უფრო პოპულარული ხდება. შეერთებული შტატების შინაურ ცხოველთა მფლობელების ეროვნულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შინაური ცხოველი ამერიკელების 68 პროცენტს ჰყავს. 48%-ს კი ერთი, ან ერთზე მეტი ძაღლი ჰყავს. თითქმის იგივე ხდება ბრიტანეთში, სადაც შინაური ცხოველი მოსახლეობის ნახევარს ჰყავს.
ადრეული კვლევების მიხედვით, ძაღლის ყოლას რამდენიმე მნიშვნელოვანი დადებითი მხარე აქვს. ესენია: ასთმის და ალერგიული რინიტების შემცირებული რისკი იმ ბავშვებში, რომლებსაც ძაღლებთან ურთიერთობა ადრეული ასაკიდან აქვთ; ფიზიკური აქტივობის ზრდა, ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სოციალური იზოლაციის შემცირება მოხუცებში; გაცილებით უფრო დარეგულირებული სისხლის წნევის დონეები და ლიპიდური პროფილი შუახნის ადამიანებში.
მიღებული დასკვნების მიუხედავად, მეცნიერები ამბობენ, რომ მათ ნაშრომზე დაფუძნებით, ექიმის მიერ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ძაღლის ყოლის „გამოწერა“, მიზანშეწონილი არ არის და ამისთვის დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი. ამას გარდა, გასათვალისწინებელია ცხოველთა უფლებებიც. ძაღლი უნდა იყოლიონ მხოლოდ ისეთმა ადამიანებმა, ვინც გრძნობს, რომ გააჩნია ცხოველისთვის კარგი, ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველყოფის ცოდნა და უნარები.
დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ამერიკის გულის ასოციაციის ვებგვერდს. ნაშრომების გაცნობა კი შესაძლებელია ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალში „ცირკულაცია“ (Circulation).