"ჩვენი მიზანია საქართველო მეტად დაწინაურდეს"- ეველინ ფარკასი

საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსებზე და უკრაინისთვის ამერიკული დახმარების მოცულობაზე ეველინ ფარკასი, ამერიკის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე საუბრობს.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილეს ჩვენ კითხვები ნატოს შემდგომი გაფართოების საკითხებზე დავუსვით. საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შანსებთან დაკავშირებით ეველინ ფარკასი ამბობს, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„წელს მონტენეგროს ექნება რეალური შანსი. ნატოს წევრი ქვეყნები სერიოზულად გადახედავენ ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანების საკითხს. მათ საკმაოდ ძლიერი პოზიცია უკავიათ და წლის ბოლომდე მონტენეგროს სიტუაცია რამდენადმე გაირკვევა. ეს არის იმის აბსოლუტური დემონსტრაცია, რომ ნატოს კარი ღიაა, რადგან წევრი ქვეყნები აქტიურად განიხილავენ ქვეყნის კვალიფიკაციებს. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, მათ რეალური პროგრესი აქვთ. საქართველოსთან ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. გასულ წელს საქართველომ მიიღო ნატო-საქართველოს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი, რაც მიმდინარე თანამშრომლობის მთელ რიგ საკითხებს მოიცავს. ჩვენი მიზანია საქართველო მეტად დაწინაურდეს და ნატოსთვის კიდევ უფრო ძლიერი კანდიდატი გახდეს“ - აღნიშნავს ეველინ ფარკასი.

რაც შეეხება უკრაინაში შექმნილ ვითარებას, შეერთებული შტატების სტრატეგია უცვლელი რჩება: ამერიკა უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერას აგრძელებს. ეველინ ფარკასის თქმით, ქვეყნისთვის გაწეული დახმარების მოცულობა უკვე 200 მილიონ დოლარს აღწევს.

„რუსეთმა საერთაშორისო კანონმდებლობა დაარღვია და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მინსკის პროცესების მეშვეობით ის ასე ვთქვათ, სწორ გზაზე დავაბრუნოთ. ვცდილობთ ვაიძულოთ ის მინსკის შეთანხმებები დაიცვას. რუსეთ-უკრაინის საკითხებში ჩვენი სტრატეგიის უდიდესი ნაწილი უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს. უსაფრთხოების საკითხებში დახმარება თითქმის 200 მილიონ დოლარს აღწევს. აქ იგულისხმება როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე სასაზღვრო კონტროლის დახმარება. დაწყებული ჯარისკაცის აღჭურვილობით, ჯავშანტრანსპორტიორების, თუ ნაღმმტყორცნის საწინააღმდეგო მსუბუქი რადარის ჩათვლით. ასევე წვრთნით, სამედიცინო აღჭურვილობით, მთელი სპექტრია დახმარების, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვაწვდით. მხარდაჭერა გაგრძელდება, ვინაიდან ეს მიმდინარე პროცესია“ - აცხადებს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე

უკრაინის სამხედრო შეიარაღებით მხარდაჭერისგან ვაშინგტონი ჯერჯერობით ისევ თავს იკავებს. მაგრამ პარალელურად ნატო უკრაინის მეზობელ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ალიანსის ძალებს აძლიერებს და იქ სამხედრო წვრთნებს ატარებს.

პენტაგონის ოფიციალური პირის განცხადებით, მათი ქმედება რუსული მხარისგან განსხვავებით, აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ეველინ ფარკასის თქმით, ამით ალიანსი კოლექტიური თავდაცვის ურყეობის და წესდების მეხუთე მუხლის სიმტკიცის დემონსტრირებას ახდენს.