სლოვაკეთის დედაქალაქში სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, გლობარული უსაფრთხოების ფორუმი, რომელიც ბრატისლავაში უკვე მეათედ ჩატარდა. ამჯერად, GLOBSEC-ის მთავარი მძიმეწონიანი სტუმარი დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი იყო; მის გარდა, ფორუმს დაესწრნენ სლოვაკეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, მონტენეგროსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები; სლოვაკეთის, პოლონეთის, ხორვატიის, ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ და ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი.
საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი ხედვა კოლეგებსა და GLOBSEC-ის სხვა სტუმრებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემისადმი მიძღვნილ სესიაზე გააცნო, რომელსაც „რყევის ზონა: ევროპის სამეზობლო სტრატეგია“ ერქვა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოსა და აღმოსავეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
„არავინ იცის სად წარმოიქმნება პრობლემა მომავალში, მაგრამ გვაქვს პოტენციური საფრთხეების გაცხადებული არეალი; ვიცით რუსეთის პოლიტიკის შესახებ, რომელიც საუბრობს „პრივილეგირებულ ინტერესთა ზონაზე“ და აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე, მას უფლება აქვს პირველმა მოახდინოს რეაგირება და იყოს ეფექტური და ქმედითი; როდესაც განვიხილავთ „პრივილეგირებულ ინტერესთა“ აღნიშნულ სივრცეს, ვხედავთ, რომ ეს არის ევრაზიული კონტინენტის ნახევარი - რუსეთის სამეზობლო; აქამდე არსებული მაგალითები გვიჩვენებს, რომ თუ არსებობს რაიმე სახის პრობლემა, სირთულე, არასტაბილურობა, შიდა თუ გარედან პროვოცირებული, მაშინ რუსეთი პირველი რეაგირებს; ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ პროგნოზებზე, რუსეთის ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში გარკვეული დაძაბულობის შემთხვევაში, თქვენ უკვე შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეს დიდ პრობლემაში გადაიზრდება.“
GLOBSEC-ის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს პირისპირ შეხვედრები ჰქონდა სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკასთან, ხორვატიის პრეზიდენტ კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩთან, პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ მილო ძუკანოვიჩთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ დევიდ კემერონთან. გიორგი მარგველაშვილი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ასევე შეხვდა ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს, რომელმაც კერძოდ აღნიშნა:
„ქართველი ხალხი ჩვენ ძალიან ძვირფასს მეგობრად მიმაჩნია. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს.“
GLOBSEC-ის კონფერენციის მთავარი შედეგები ქართული მედიისთვის გიორგი მარგველაშვილმა ბრატისლავაშივე შეაჯამა. სლოვაკეთიდან საქართველოში პრეზიდენტი წუხელ დაბრუნდა.
„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები განსაკუთრებით კარგად იაზრებენ საქართველოს როლს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში, და გარდა იმისა, რომ არიან ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერები, ვმუშაობთ იმაზეც, რომ ამის პარალელურად ისინი გახდნენ საქართველოს ძალიან აქტიური ადვოკატები როგორც ნატო-ს, ისევე ევროკავშირის ფორმატებში.“
გლობარული უსაფრთხოების კონფერენცია სლოვაკეთში დროში დაემთხვა ბალტიის ზღვის აკვატორიაში, რუსეთის საზღვართან ახლოს მიმდინარე ნატოს მასშტაბურ წვრთნებს, რომელშიც ალიანსის 17 წევრი სახელმწიფოს, 5000-მდე ჯარისკაცი იყო ჩართული. საინტერესოა, რომ წვრთნებს აშშ-ს მე-6 ფლოტის მეთაურის, ვიცე-ადმირალ ჯეიმს ფოგის მიწვევით, პოლონეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილიც დაესწო.
ბრატისლავაში GLOBSEC-ის კონფერენციაზე გამოსვლისას კი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ცნობილმა ამერიკელმა დიპლომატმა ალექსანდრე ვერშბოუმ აღნიშნა, რომ „საბჭოთა კავშირის, ბრეჟნევის დროსაც კი იყო თამაშის გარკვეული წესები, რომელსაც ყველა იცავდა! ახლა რუსეთი რაიმე წესების არსებობას კატეგორიულად უარყოფს.“