ვაშინგტონი რუსეთის შესაძლო აგრესიის თავიდან ასაცილებლად აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში სამხედროების და მძიმე ტექნიკის განლაგებას განიხილავს.
ნატომ აღმოსავლელი პარტნიორების და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის არაწევრი ქვეყნების წვრთნა მნიშვნელოვნად გაზარდა.
პარტნიორების წვრთნის იდეას ეთანხმება დემოკრატი სენატორი ბილ ნელსონი:
„გასულ აგვისტოს ლიტვის პრეზიდენტს ვსტუმრობდი და ვიცი, რომ მათი საზღვრის გასწვრივ პუტინის აგრესიულობის გამო საკმაოდ შეშფოთებულნი არიან. ამას ერთვის რუსი მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა ბალტიის ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ესტონეთში. ვფიქრობ ეს შეშფოთება საფუძვლიანია და აღჭურვილობის ადგილზე წინასწარ განლაგება და არა ყოველ ჯერზე გადაზიდვა, როცა ჯარებს წვრთნებზე ვაგზავნით, სამხედრო თვალსაზრისითაც და ფინანსურადაც ძალიან გამართლებულია.“
უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების გარეშე, ეს ვლადიმირ პუტინზე დიდ გავლენას არ იქონიებს. ახლა რასაც ვაკეთებთ, უკრაინელებს თავდაცვითი იარაღის მიღების საშუალებას რომ არ ვაძლევთ, სამარცხვინო ფურცელია.ჯონ მაკკეინი, რესპუბლიკელი სენატორი
შეერთებული შტატების გეგმას აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დანაყოფების განთავსების შესახებ "კარგ საქმეს" უწოდებს რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, თუმცა ამბობს რომ ეს საკმარისი არ არის:
„უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების გარეშე, ეს ვლადიმირ პუტინზე დიდ გავლენას არ იქონიებს. ახლა რასაც ვაკეთებთ, უკრაინელებს თავდაცვითი იარაღის მიღების საშუალებას რომ არ ვაძლევთ, სამარცხვინო ფურცელია. ისინი არცერთი ამერიკელი ჯარისკაცის იქ ყოფნას არ ითხოვენ. ბალტიის ქვეყნებში შეიარაღების გაგზავნა კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია დავიწყოთ რუსული პროპაგანდის შემოტევის, საწინააღმდეგო საშუალებების შექმნა, რაც ყველა იმ ქვეყანაში ინტენსიურია."
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ შეერთებული შტატების გეგმა განხორციელდა, ეს რუსეთის საპასუხო პოლიტიკას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
"ვფიქრობ რომ სიტუაცია ძალიან იძაბება. ნაბიჯ-ნაბიჯ, ნატოს არსებობა პოლონეთში, ბალტიისპირეთსა და რუმინეთში, რუსეთის საზღვრებთან იზრდება. და ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება, თუ ნატო არ იგრძნობს რუსეთის აგრესიის შეჩერებას," ამბობს მალკომ ჩალმერსი, როიალ იუნაითიდ სერვისის ინსტიტუტის კვლევითი დირექტორი.
პიუ-ს კვლევების ცენტრის ახალი კვლევების თანახმად, ალიანსის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები ემხრობა იმ აზრს, რომ მათმა ქვეყნებმა აღმოსავლეთ პარტნიორების დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ ომი უნდა გააჩაღონ.
"აღსანიშნავია იმის მნიშნველობა, თუ რას მისცემს ეს ომი ნატოს ქვეყნების მოსახლეობას, რადგან ვფიქრობ, საბოლოოდ დემოკრატიული ქვეყნები საკუთარი ხალხის მხარდაჭერის გარეშე ომში არ ჩაერთვებიან," ამბობს ჩალმერსი.
თუმცა, ჩალმერსი აცხადებს, რომ აზრები დასავლეთში შეიძლება მალევე შეიცვალოს, თუ კი რუსეთი, ნატოს რომელიმე წევრს თავს დაესხმება. იმავე აზრზეა აველ სვიდლიკი, ღია ევროპის კვლევის ჯგუფიდან. მისი თქმით ამ შემთხვევაში ნატო ვალდებული გახდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება დაიცვას:
"იმისათვის, რომ შენარჩუნდეს დამაჯერებლობის რაღაც ფორმა, უნდა არსებობდეს საპასუხო მოქმედება. ამის გამო, ვფიქრობ რუსეთი დიდ სიფრთხილეს გამოიჩენს ნატოს პროვოცირების ასარიდებლად."