დისნეის ზღაპრული სამყარო 11 ივლისს გაიხსნება

ფლორიდის შტატში მდებარე უზარმაზარი უოლტ დისნეის სამყარო, რომელსაც "დისნეი უორლდი" ჰქვია, პირველ სტუმრებს 11 ივლისს მიიღებს და მსურველებს კარს 15 ივლისისთვის ბოლომდე გაუღებს. თავიდან იხსნება მხოლოდ ორი პარკი - ჯადოსნური სამყარო და ცხოველთა სამყარო, 15 ივლისამდე კი - ეპკოტი და ჰოლივუდის სტუდიებიც. დღეს დილიდან უკვე გაიხსნა გასართობ პარკებთან დაკავშირებული კურორტები და სასტუმროები.

"ჩვენ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკების განსაკუთრებული ზომები მივიღეთ. უოლტ დისნეის სამყაროს სტუმრობისას მიჰყევით ყველა მოცემულ ინსტრუქციას... კოვიდ-19-ით დაავადების რისკია ყველა საჯარო ადგილზე, სადაც ხალხი იმყოფება" - ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ზომები კი მართლაც საკმაოდ მკაცრია. 2 წელზე ზევით ყველა სტუმარს საჯარო ადგილებში ნიღბის ტარება მოეთხოვება. ვიზიტორებს შესვლისას სიცხეს გაუზომავენ. მათ, ვისაც სიცხე 38 გრადუსი ან უფრო მაღალი ექნება, მთელ თანმხლებ ჯგუფთან ერთად, პარკში აღარ შეუშვებენ.

ამას გარდა, პარკებში ზოგიერთი ატრაქციონი დახურული დარჩება, სოციალური დისტანციის დაცვის შეუძლებლობის გამო. ასევე გაუქმებულია დისნეის სამყაროს ცნობილი აღლუმები. ერთ პარკზე მეტის ნახვა ერთ დღეში აკრძალულია.