ნატოს ვაშინტონის სამიტამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ წარმოადგენს საქართველოს ალიანსის საიუბილეო სამიტზე. ოფიციალური თბილისის დუმილის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი "ამერიკის ხმას" უდასტურებს, რომ ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გაიგზავნა.
არიან თუ არა, სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ვაშინგტონში მოწვეული? - ამ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი "ამერიკის ხმას" წერს:
"პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად."
სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი არ მოუწვევიათ. ეს მაშინ, როცა 9-11 ივლისს, ვაშინგტონში, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები და პარტნიორი ქვეყნების მთარობის ხელმძღვანელები შეიკრიბებიან.
პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამა (PfP), რომლის ფარგლებშიც წელს საქართველო ნატოს ვაშინგტონის სამიტზეა მიწვეული, 1994 წლიდან არსებობს და ის ალიანსის პარტნიორ 18 ქვეყანას მოიცავს. მათ შორის ორთან, რუსეთთან და ბელარუსთან, ალიანსის ჩრდილოატრანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტნიორობა შეჩერებულია.
ასევე ნახეთ: ვერშბოუ: ხელისუფლება ზურგს აქცევს დასავლეთს, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ეს ცუდი იქნებაამ დრომდე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და ეწვევა თუ არა საქართველოს პირველი დიპლომატი, ივლისში, ვაშინგტონს.
სახელმწიფო დეპარტამენტს ვკითხეთ, მიიღო თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალური თბილისისგან დასტური, რომ სამიტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრება. მილერი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხს უნდა მოუსმინოს და ქვეყანა "ევროატლანტიკურ გზაზე" დააბრუნოს.
"საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ მიმართოთ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული", - აცხადებს მილერი.
მეთიუ მილერს, ასევე ვკითხეთ იგეგმება თუ არა ქართველ ოფიციალურ პირებთან, ნატოს სამიტის მიღმა შეხვედრები, თუმცა ამ კითხვაზე დეტალური პასუხი ვერ მოვისმინეთ.
"ბაიდენის ადმინისტრაცია ერთგულია იმის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში ნატოს კარის გახსნილობა ასპირანტი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი მზად იქნებიან და შეძლებენ შეასრულონ წევრობის ვალდებულებები", - ამბობს მეთიუ მილერი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ქართველი ოფიციალური პირების ნაწილს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, დავინტერესდით როგორ ფორმატში მიმდინარეობს კომუნიკაცია ოფიციალურ ვაშინგტონსა და თბილისს შორის.
"ჩვენ ვაგრძელებთ რუტინულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, როგორც თბილისში, ასევე ვაშინგტონში", - გვეუბნება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.
ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მოწვევას გეგმავდა, კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც უცხოური მედიისთვის განცხადება ჯეიმს ო'ბრაიენმა გააკეთა.
ასევე ნახეთ:
საქართველო შესაძლოა ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე დარჩესშეთქმულების თეორიებზე დაფუძნებული, "ქართული ოცნების" "რუსული სტილის" ანტიდასავლური რიტორიკამაკფოლი: მოსკოვის გზაზე დაბრუნება, ქართველი ხალხის ინტერესში არ შედისმარკ რუტე, პუტინის კრიტიკოსი და "შეთანხმებათა ოსტატი", ნატოს გენერალურ მდივნად დაამტკიცეს ნატო 75 წლის გახდა - ალიანსი გუშინ, დღეს, ხვალ"საქართველო და ყველა პარტნიორი იქნება მოწვეული, პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ძალიან გვაწუხებს „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობის გადაწყვეტილებები და რიტორიკა. ნათელია, რომ ქართველი ხალხის 80-დან, 85%-მდე [რაოდენობას] ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო დაახლოება სურს”, - განაცხადა 24 ივნისს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიანმა.
ნატოს საიუბილეო სამიტს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი 9-11 ივლისს უმასპინძლებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს სამიტთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს.