გაიზიარებს თუ არა ამერიკა საბერძნეთის ხვედრს?

გაიზიარებს თუ არა ამერიკა საბერძნეთის ხვედრს?

თუ ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მსოფლიოში მორიგი ფინანსური კრიზისი დაიწყება

შეერთებული შტატების ეკონომიკა მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ მეოთხედს წარმოადგენს. შესაბამისად, ნებისმიერი მასშტაბური საფრთხე, რომელიც შეიძლება ამერიკის ეკონომიკას შეექმნას, მთელი მსოფლიოსთვის საშიშროებას წარმოადგენს.

ამერიკის ვალი 15 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა. ამ წარმოუდგენლად დიდი ვალის შემცირების მიზნით, ამერიკის კონგრესში შეიქმნა ორპარტიული კომიტეტი, რომელსაც მედიამ მოგვიანებით „სუპერკომიტეტი“ შეარქვა. მისი დანიშნულება ქვეყნის ბიუჯეტიდან 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების პროგრამების ამოღებაა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კომეიტეტს ვადა 23 ნოემბრამდე აქვს.

ჯეისონ პიკეტი ახალი ამერიკის ფონდის ანალიტიკოსია. მისი თქმით, გლობალიზაციის პირობებში ერთი ქვეყნის ეკონომიკის ჩავარდნამ შესაძლოა მასშტაბული შედეგები იქონიოს მთელ მსოფლიოზე:

„საბერძნეთის შემთხვევაში, ჩვენს დავინახეთ, რომ ისეთმა პატარა ეკონოიკამ, როგორიც ამ ქვეყანას აქვს, შეიძლება ევროკავშირი დაშალოს. თუ გლობალურ ეკონოიკაზე ასეთი გავლენის მოხდენა პატარა ეკონომიკას შეუძლია, წარმოიდგინეთ რა მოხდება, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას - ამერიკას - რომ რამე მსგავსი დაემართოს.“

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ამერიკის ვალი კატასტროფული სისწრაფით იზრდება. სწორედ ამის გამო, ამერიკელები სუპერკომიტეტისგან გადამჭრელ ზომებს მოელიან.

კონკორდ კოალიციის უფროსი ეკონომისტი დაიან ლიმ როჯერსი ამბობს, რომ თუ პოლიტიკოსებმა პრობლემის გადაჭრა დაუყოვნებლივ არ დაიწყეს, ამერიკა ინვესტორებისთვის მიმზიდველი ადგილი აღარ იქნება.

„ეკონომიკური თვალსაზრისით, რთულია გათვალო როდის აღწევ იმ ზღვარს, რომლის მიღმაც ინვესტორებისთვის სანდო პარტნიორი აღარ ხარ. ამას მხოლოდ მაშინ ვნახავთ, როცა ფაქტის წინაშე დავდგებით. ჩვენ იმ ადამიანის მდგომარეობაში ვართ, რომელიც უფსკრულისკენ მიდის, თვალი აქვს ახვეული და რომ ჩავარდება მხოლოდ მაშინ ხვდება, რომ დაიღუპა.“

იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის ვალი არსებული სისწრაფით გააგრძელებს ზრდას, ქვეყანას შეიძლება იგივე დაემართოს, რაც საბერძნეთსა და იტალიას. ანუ, ვალზე საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება და მისი გასტუმრება გაცილებით ძვირი გახდება. ლიმ როჯერსის თქმით, ეს ვალი მომავალი თაობის გადასახდელი იქნება.

პიკეტი ამბობს, რომ ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, სუპერკომიტეტმა რაღაცა აუცილებლად უნდა მოიმოქმედოს.

„ვადის გაგრძელება გაცილებით გონივრული იქნება, ვიდრე ის, რომ გადაწყვეტილება საერთოდ ვერ მიიღონ. გადავადებით, პოლიტიკოსებს შორის დიალოგი გრძელდება, ჩვენ პრიორიტეტბი არ უნდა შეგვეცვალოს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბაზრების განვითარებაზე და ჩვენსავე მოსახლოებაზე. იმედია სუპერკომიტეტი ამას აცნობიერებს.“

იმ შემთხვევაში, თუ ორპარტიული კომიტეტი საქმიანობას გადაწყვეტილების მიღების გარეშე დაასრულებს, ერთი ტრილიონი ამერიკის ბიუჯეტიდან ავტომატურად შეიკვეცება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გაუქმდეს პროგრამები, რომლებიც ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს კი განსაკუთრებით თავდაცვასა და შიდა სოციალურ პროგრამებს ეხება.

„ეკონომიკური თვალზასრისით ეს უარყოფით შედეგს მოიტანს, რადგანაც დეფიციტის შემცირების მიზნით, სახელმწიფო სოციალურ პოგრამებს შეამცირებს, რაც ეკონომიკაში დანახარჯებისა და შემოსავლების ბალანსს დაარღვევს. რეცესიიდან გამოსვლის პროცესს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაართულებს.“

სოციალური პროგრამების შეკვეცა ყველაზე მეტად იმ ადამიანების კეთილდღეობაზე იმოქმედებს, რომლებიც ყველაზე მეტად იარიან სახელმწიფოზე დამოკიდებული. თავდაცცის ბიუჯეტის შემცირება, კი ცხადია - ქვეყნის სამხედრო მზადყოფნაზე აისახება.

ეკონომისტების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ პარტიებს შორის პოლიტიკურმა დაპირისპირებამ შესაძლოა მაერიკის კრედიტუნარიანობის მორიგი დაქვეითაბა გამოიწვიოს და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ ერთი მტკივნეული დარტყმა მიაყენოს.