ისრაელი ღაზის სექტორის დაბომბვას აგრძელებს, ბოლო საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი „ასოშეიტედ პრესის“ ინფორმაციით, 25-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, ისრაელმა იერიში მიიტანა ღაზის სექტორის დევნილთა ცენტრალურ ბანაკზე. გამოცემა წერს, რომ დაღუპულთაგან ხუთი ბავშვია.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები „ასოშეიტედ პრესთან“ საუბრის დროს ამბობენ, რომ მათ იერიშები მიიტანეს ნსეირათის რაიონზე, სადაც ჰამასის ობიექტები იყო განთავსებული, თუმცა ისრაელის წარმომადგენლები არ საუბრობენ სხვა საჰაერო იერიშების შესახებ. რაც შეეხება მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში, ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
გაეროს ინფორმაციით „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის განმავლობაში, ისრაელის საჰაერო იერიშებს და სახმელეთო ოპერაციას 43 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა უცნობია რამდენი მათგანი იყო „ჰამასის“ წევრი. ომი ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო, როცა „ჰამასის“ მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს, მოკლეს 1200-ზე მეტი ადამიანი და გაიტაცეს ასობით მძევალი. მათგან 100-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაერთი მოწოდების მიუხედავად, ომი გრძელდება და ამ დრომდე რეგიონში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ვერ ხდება.
ისრაელმა საჰაერო იერიშები მიიტანა ლიბანზეც, დაიბომბა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანი. იერიშების შედეგად ადგილობრივი მედია წერს, რომ განადგურდა რამდენიმე შენობა. ისრაელმა იერიშები განახორციელა ლიბანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშიც, ქალაქ ბაალბეკსა და მიმდებარე სოფლებზე, ასევე სამხრეთ ლიბანის სხვადასხვა ნაწილზე.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰერო იერიშების შედეგად ქამატიეს პირას, ბეირუთის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაიღუპა სამი და დაშავდა ხუთი ადამიანი.