დეტროიტის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სადაც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სწავლობენ, სროლა მოხდა. სროლაში, რომელსაც ოთხი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდია.
არასრულწლოვანმა, რომლის ვინაობასაც პოლიცია არ ასახელებს, თანასკოლელებს ცეცხლი სამშაბათს გაუხსნა. ცეცხლსასროლი იარაღი მისმა მამამ 4 დღით ადრე შეიძინა. დაჭრილია ერთი მასწავლებელი და კიდევ 6 სხვა მოსწავლეც, რომელთაგან ზოგის მდგომარეობა კრიტიკულია.
ოთხშაბათ დილას 50 000-მდე ადამიანმა ხელი მოაწერა ონლაინ პეტიციას, რომლის მიზანიც სკოლის სპორტული მოედნისთვის სახელის შეცვლაა. ხელმომწერები ითხოვენ, რომ ოქსფორდის საჯარო სკოლის სტადიონს სროლისას დაღუპული მოსწავლის, ფეხბურთის გუნდის წევრის სახელი მიენიჭოს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მსროლელის განიარაღებას ცდილობდა.
ოკლენდის ოლქის შერიფი მაიკლ ბუჩარი "სი-ენ-ენ"-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მოკვლეული მასალით ირკვევა, რომ თავდამსხმელს ადამიანების მოკვლის განზრახვა ჰქონდა და ირგვლივ მყოფებს ახლო დისტანციიდან ესროდა, ხშირად თავში და მკერდში დამიზნებითაც. მან სულ თითქმის 30-ჯერ გაისროლა. გამომძიებლები სასკოლო ვიდეოების ჩანაწერებს და სხვა მასალებს ეცნობიან, რათა თავდასხმის მიზეზი გამოიკვლიონ. შერიფის თქმით, დაკავებული ეჭვმიტანილისგან მოტივის შესახებ ვერაფერი მოისმინეს, თუმცა მოკვლევის მასალები მათ ამ ინფორმაციას მაინც მისცემს.
ეჭვმიტანილს 9 მმ-იანი, ნახევრად ავტომატური იარაღი ჰქონდა სამი მჭიდით. სროლიდან რამდენიმე წუთში ეჭვმიტანილი ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა. ის საუბარზე უარს ამბობს, მისი მშობლები კი გამომძიებლებს მისი დაკითხვის ნებას არ აძლევენ.