შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ქვეყნის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი დღეს საჯარო განცხადებას გააკეთებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამერიკაში იარაღით ძალადობის პრობლემის გადაჭრა.
თეთრმა სახლმა საჯარო მიმართვამდე პრეზიდენტის გეგმის ზოგიერთი დეტალი გამოაქვეყნა. ბაიდენი იარაღით ძალადობის პრობლემას ამერიკის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიას“ უწოდებს.
იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წამოყენებული ერთ-ერთი წინადადება, ეგრეთწოდებული, „მოჩვენება იარაღების“ აკრძალვაა. ეს ისეთი ცეცხლსასროლი იარაღია, რომელსაც სერიული ნომრები არ აქვს. როცა მათი გამოყენებით დანაშაული ხდება, სამართალდამცავებს გამოძიების ჩატარებაში ხელი ეშლებათ.
იუსტიციის დეპარტამენტი ასევე გეგმავს კონგრესისთვის, ეგრეთწოდებული, „წითელი დროშის“ კანონების შეთავაზებას. ამ კანონების თანახმად, ოჯახის წევრებს ან სამართალდამცავებს შეეძლებათ სასამართლოს სთხოვონ ადამიანს იარაღის ყიდვა ან ქონა დროებით აეკრძალოს იმის გამო, რომ ის შეიძლება საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.
ბაიდენი ასევე გეგმავს დევიდ ჩიპმანი ამერიკის ალკოჰოლის, თამბაქოს, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციაზე წარადგინოს. ჩიპმანი 25 წლის გამოცდილების მქონე პროფესიონალია, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმებსა და 1990 წელს ოკლაჰომის აფეთქების გამოძიებებში მონაწილეობდა.
კონგრესში რესპუბლიკელი ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ ბაიდენის ინიციატივას. წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერ კევინ მაკარტის თქმით, ბაიდენის ეს ნაბიჯი „გათელავს“ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს იარაღის ქონის საშუალებას აძლევს.
„ის დანაშაულს რბილი მეთოდებით ებრძვის, მაგრამ კანონმორჩლ ადამაიანებს უფლებებს უზღუდავს. მე ამას მხარს არ დავუჭერ. ამას მხარს არც სხვა რესპუბლიკელები დაუჭერენ. მიჰყევით კონსტიტუციას!“ დაწერა მაკარტიმ.
Facebook Forum