ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე კომენტარს აკეთებს. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ის მელიას გათავისუფლებას დადებითად აფასებს და ურჩევს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, პარლამენტში შევიდეს.
„კარგია, რომ ნიკა მელია პატიმრობაში აღარ არის. სამწუხარო ისაა, რომ ევროკავშირის ნება გახდა საჭირო მისი გირაოს გადასახდელად. მიუხედავად ამისა, ახლა, როდესაც ის თავისუფალია, ენმ-მა უნდა დაიკავოს ადგილები პარლამენტში, ხოლო „ქართული ოცნება“ მზად უნდა იყოს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს საქმე კონკრეტულ კომიტეტებში და უზრუნველყოს მათი საჭირო რეპრეზენტაცია“, - ამბობს კრამერი.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონში მელიას გათავისუფლებას მიესალმებიან და "ენმ"-ს პარლამენტში შესვლას ურჩევენპროფესორის თქმით, კრიზისი, რომელიც ახლა ქვეყანაშია, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, თუმცა იმისთვის, რომ ეს პრობლემა დაიძლიოს, საჭიროა, უთანხმოებების წარსულში დატოვება და მომავალზე ორიენტირება.
„დროა საქართველოში ეს კრიზისი, რომელიც თებერვალში, „ქართული ოცნების“ მესვეურებმა შექმნეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმითა და მელიას დაკავებით, წარსულში დარჩეს. ამ ქმედებამ პოლიტიკური ჩიხი, პოლიტიკურ კრიზისად აქცია. საქართველოს არ შეუძლია კიდევ ერთი დღე მაინც დაკარგოს კრიზისში, ის დემოკრატიულ გზაზე უნდა დაბრუნდეს“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ კრამერმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ საპატიმრო10 მაისს დატოვა. მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ, პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მელიას გირაოს თანხა, 40,000 ლარი, ევროკავშირმა გადაიხადა. ევროკავშირივე იყო ჩართული მელიას გათავისუფლების საკითხისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის.