ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიკა მელიამ რუსთავის ციხის დატოვებისას რამდენიმე კომენტარი გააკეთა


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ციხე დატოვა. რუსთავის ციხიდან გამოსვლისთანავე, მან ჟურნალისტებთან რამდენიმე კომენტარი გააკეთა.

მელიამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და მათ შორის, განსაკუთრებით გამოყო ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.

„მადლობას გადავუხდი და რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ღვაწლი, მონდომება და ძალისხმევა ამ პროცესში. მადლობას ვუხდი მე მას, როგორც ადამიანს, ამას აქვს თავისი მიზეზები, რატომაც ამას ასე ხაზს ვუსმევ. და მის პროფესიონალიზმსაც. ამიტომ, მადლობა მინდა გადავუხადო კარლ ჰარცელს. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს მას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მათ შორის, მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს. თუმცა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს. მან, გადაჭარბების გარეშე, გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება. მაშინ, როდესაც ყველაზე ძალიან მიჭირდა, ლიეტუვიდან ჩამოვიდა საქართველოში და მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში", - თქვა ნიკა მელიამ.

მისივე განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ბლოკის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული.

"პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე გაიმართება მჭიდრო კონსულტაციები, პირველ რიგში, პარტიაში და ბლოკში და ასევე, არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან. ამას დასჭირდება არაერთი დღე, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. პარტიაში არის განსხვავებული პოზიციები... ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და ამის მერე მივიღო ბლოკ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პასუხი... გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, რაციონალური. ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი ვერანაირად ვერ ვიქნები... ჩვენ პერიოდულად გვავიწყდება, რა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით... მე არ გამოვრიცხავ, რომ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი. თუ ოპოზიცია ვიქნებით აქტიურები და ბრძოლის მუხტი გაიზრდება, კიდევ ვიღაც მოხვდება ციხეში, რადგან ისინი გონებრივი შესაძლებლობებით ვერ გვიპირისპირდებიან", - თქვა მან.

ამ საკითხზე დღეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ უნდა შევიდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG