კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს, 15 მარტს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეს დანიელსონის ზურაბიშვილთან მეორე შეხვედრა იყო. შეხვედრის შემდეგ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს დილით დანიელსონი უკვე შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს. მისი თქმით, შეხვედრები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ასევე ნახეთ: ევროპული საბჭოს წარმომადგენელი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს


“პრეზიდენტ მიშელისგან მე მაქვს კონკრეტული ამოცანა დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ჩვენ ვაგრძლებთ მუშაობას. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა, რომლებიც კონსტრუქციულები არიან, განაგრძონ კომპრომისის საჭიროების დანახვა”, – განაცხადა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონს საქართველოში ვიზიტი 14 მარტს უნდა დაესრულებინა, თუმცა დაგეგმილი გამგზავრებიდან რამდენიმე საათით ადრე, საქართველოში დარჩენის შესახებ განაცხადა. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება, რათა ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში კონკრეტულ შედეგს მიაღწიონ.