ბორის ჯონსონი უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრას გადაურჩა

ორშაბათს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრას გადაურჩა, მაგრამ მისივე კონსერვატიულ პარტიაში, ე.წ. „ფართიგეითის“ გამო შექმნილი სკანდალით გამოწვეულმა „აჯანყებამ“ მის ავტორიტეტს დარტყმა მიაყენა და ახლა მხარდაჭერის ხელახლა მოპოვება მოუწევს.

ჯონსონი, რომელმაც 2019 წლის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, გაძლიერებული წნეხის ქვეშ იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც მან და მისმა თანამშრომლებმა პრემიერის ოფისში და რეზიდენციაში ალკოჰოლის თანხლებით წვეულებები მოაწყეს. წვეულებები იმ დროს გაიმართა, როდესაც ბრიტანეთი „კოვიდ-19“ პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო.

უნდობლობის კენჭისყრა ჯონსონისთვის დარტყმა აღმოჩნდა, რადგან მისი პარტიის კანონმდებლების 41 პროცენტმა, თვეების განმავლობაში სხვადასხვა სკანდალების და წინდაუხედავი საქციელის გამო ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

ასევე ნახეთ: ბორის ჯონსონი პარლამენტს ბოდიშს მოუხდის

მაგრამ პოლიტიკურად უკან დაბრუნების ოსტატმა ჯონსონმა, კენჭისყრა „გადამწყვეტ შედეგად“ წარმოაჩინა.

„ჩვენ, როგორც მთავრობას შეგვიძლია მუშაობა გავაგრძელოთ და ყურადღება გავამახვილოთ ისეთ საკითხებზე, რაც ხალხისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია“, - თქვა მან.

დედოფალ ელისაბედის პლატინის იუბილეზე მისულ ჯონსონს სტვენა, უკმაყოფილო შეძახილები და ასევე შედარებით ხმადაბალი მოწონების შეძახილები დახვდა.

რამდენიმე კანონმდებელმა თქვა, რომ კენჭისყრა, რომელშიც 211 კანონმდებელმა 148-ს წინააღმდეგ ხმა ჯონსონის სასარგებლოდ მისცა, უფრო უარესი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ ისეთი პრემიერისთვის, რომელიც სამი ათეული წლის განმავლობაში კონსერვატორების მიერ უდიდესი უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, სრულიად ხელშეუხებლად გამოიყურებოდა.

კენჭისყრის შემდეგ, ჯონსონს გარანტირებული აქვს 12 თვე, რომლის დროსაც კანონმდებლებს სხვა პრეტენზიის წაყენება არ შეუძლიათ.