“ლოს-ანჯელეს თაიმსისა” და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი ამერიკული გამოცემის დისტრიბუცია შაბათს კიბერ-თავდასხმის გამო შეფერხებული იყო. მათ შორის იყო გამომცემლობა “ტრიბუნის” ქოლგის ქვეშ მოქმედი ჟურნალ-გაზეთებიც, როგორებიცაა “ჩიკაგო ტრიბუნი” და “ბალტიმორ სანი”
“ლოს-ანჯელეს თაიმსი” წერს, რომ კიბერ-თავდასხმის წყარო, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ მდებარეობდა. ამას გაზეთი “ინფორმაციის მქონე წყაროზე” დაყრდნობით აცხადებს.
თავდასხმის შედეგად “თაიმსის”, “ტრიბუნის”, “სანის” და სხვა გამოცემების დისტრიბუცია დაგვიანდა. მათ საერთო საგამომცემლო პლატფორმა აქვთ ლოს-ანჯელესში.
“ტრიბუნ ფაბლიშინგი”, რომელიც ასევე გამოსცემს “ნიუ-იორკ დეილი ნიუსსა” და “ორლანდო სენტინელს”, ამბობს, რომ მათ კომპიუტერულ სისტემაში გავრცელებული ვირუსი პარასკევს აღმოაჩინეს.
დაზარალდა “უოლ სტრიტ ჯორნალისა” და “ნიუ-იორკ თაიმსის” ის გამოცემებიც, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე გამოიცემა. მათი დიდი ნაწილი იმავე საგამომცემლო სახლში იბეჭდება.
“ტრიბუნ ფაბლიშინგის” პრეს-სპიკერი მარისა კოლიასი ამბობს, რომ ვირუსმა სწორედ იმ ოფისის კომპიუტერული სისტემები დააზიანა, რომლებიც გამოიყენებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე ბეჭდვისა და დისტრიბუციის პროცესის სამართავად.
“არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მომხმარებელთა საკრედიტო ბარათების ან სხვა პირადობის მაიდენტიფიცირებული მონაცემები გამჟღავნდა”, - ამბობს კოლიასი გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეოარტამენტის პრესსამსახური აცხადებს, რომ ისინი სიტუაციას იკვლევენ. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია შესაძლო კიბერ-თავდასხმის შესახებ, რომელმაც გავლენა მოახდინა რამდენიმე საინფორმაციო საშუალებაზე, ჩვენ მთავრობასთან და ამ ინდუსტრიაში ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკეთ გავერკვეთ სიტუაციაში", - განაცხადა დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა. "გამოძიების ფედერალური ბიუროს" წარმომადგენლებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.