საქართველოს ეკონომიკის მთავარ რისკებად კოვიდ-19-ის ვარიანტები და ვაქცინაციის შეფერხებები სახელდება  

21 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში სექტემბერში ჩატარებული კონსულტაციების და დისკუსიების შედეგებს აჯამებს და რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა.

„კოვიდ-19-ის კრიზისმა მძიმე კვალი დაატყო საქართველოს ეკონომიკას. შიდა მობილობის შეზღუდვამ და ტურიზმის შენელებამ, რაც პანდემიის გასაკონტროლებლად იყო აუცილებელი, 2020 წელს ეკონომიკის 6.2%-იანი შემცირება, 1990-იანი წლების შემდეგ წარმოების მოცულობის ყველაზე დიდი შეკვეცა გამოიწვია“ - ნათქვამია ფონდის პრესრელიზის პრეამბულაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თქმით, გაიზარდა უმუშევრობა და სიღარიბე, რამაც ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის დიდი ნაწილი ისევ უკან დახია.

საქართველოს მთავრობამ გამოწვევებს „შესაფერისი“ ზომებით უპასუხა, გააძლიერა რა ჯანდაცვა და მიეხმარა გამოწვევების წინაშე მყოფ ოჯახებს და ბიზნესებს, რაც დონორების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით მოხდა - ნათქვამია პრესრელიზში. ფონდი აცხადებს, რომ მოგვიანებით, ვითარება შედარებით გამოსწორდა და ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2021 წელს 7.7 პროცენტით განისაზღვრა, რაც მოლოდინის მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ გაიზარდა ინფლაცია და აგვისტოს თვეში 12.8 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ზრდა აისახა საყოფაცხოვრებო გადასახადების ღირებულების გაზრდაზე, თუ სურსათის ფასებზე. თუმცა, ფონდი ასკვნის, რომ დროებითი ფაქტორების მოხსნის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ფასები 2022 წლისთვის, სწრაფად დაიწევს.

ასევე ნახეთ: საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ რეკორდულია

ფონდი ასევე საუბრობს იმაზე, რომ ჩვეულებრივზე მეტად გაურკვეველი გარემოებების ფონზე, ეკონომიკური პროგნოზისთვის სერიოზული რისკები ისევ ნარჩუნდება. მთავარი რისკი კი კვლავ კოვიდ-19-ის ვარიანტები, ან ვაქცინაციის შეფერხებებია, რასაც შეუძლია ეკონომიკის გაუმჯობესების პროცესის შეფერხება, ახალი შეზღუდვებით და გარე მოთხოვნის შემცირებით. ერთ-ერთ წამყვან რისკად ასევე სახელდება მზარდი დოლარიზაცია.

„ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამამ დაასკვნა, რომ ბოლო წლებში მთავრობის მარეგულირებელი რეფორმები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც კოვიდ-19-ის შოკის შემდეგ იქნა მიღებული, დაეხმარა ფინანსური სექტორის განმტკიცებას“ - ნათქვამია საერთაშორისო სვალუტო ფონდის პრესრელიზში. ფონდი საქართველოს მთავრობას იქვე ურჩევს „თანდათან გაამკაცროს დედოლარიზაციის ზომები“. ასევე საჭიროა შიდა პროცედურების ფორმალიზება, რომელთა შორის სახელდება „ბანკების რეზოლუცია და კრიზისის მართვა“.

ვითარების გასაუმჯობესებლად, იმის გათვალისწინებით, თუ რა მძიმე კვალი დაატყო პანდემიამ ეკონომიკის სექტორს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები ხაზს უსვამენ ვაქცინაციის „ძლიერი ტემპის“ შენარჩუნების საჭიროებას, რათა პანდემიის მომავალი რისკების გათვალისწინებით, მოხდეს ეკონომიკის გაუმჯობესების დაწყებული პროცესის გაძლიერება.

დირექტორები მხარს უჭერენ დეფიციტის და საგარეო ვალის შემცირებისკენ მიმართულ ფისკალურ პოლიტიკას. რჩევის სახით კი იძლევიან რეკომენდაციას, გაფართოვდეს ფისკალური სივრცე და შემცირდეს ფისკალური რისკები, რაც შესაძლებელია საგადასახადო და საინვესტიციო პოლიტიკაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები თანხმდებიან იმაზე, რომ სტრუქტურული რეფორმების გაძლიერება ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, მიაქციოს ყურადღება უმუშევრობის მაღალ მაჩვენებლებს და უთანასწორობას. ამ მიმართულებით ფონდი კონკრეტულად ასახელებს განათლების რეფორმის, სოციალური დაცვის და სამუშაო ბაზრის პოლიტიკას.

საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს სტრუქტურული ფისკალური რეფორმების და სასამართლო რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას.