გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დებატები უკრაინაში ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე რუსეთის მიერ ფართო სამხედრო მობილიზაციის კრიტიკაში გადაიზარდა. ამერიკისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. რუსმა დიპლომატმა კი ამ საკითხზე არანაირი განცხადება ან კომენტარი არ გააკეთა.
ჟენევაში ეს შეხვედრა ქვეყანაში ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის განსახილველად იყო დანიშნული. გაეროს უმაღლესი კომისარის მოადგილემ ადამიანის უფლებათა მიმართულებით, ნდა ალ-ნაშიფმა დაბალანსებული და ფრთხილი ანგარიში წარმოადგინა უკრაინაში სამოქალაქო სექტორისა და ფუნდამენტური უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ.
მან გააკრიტიკა ქვეყნის ხელისუფლება მედიაში კრიტიკული აზრის თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვისა და პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმების გამო. ამის შემდეგ მან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების შესახებ ისაუბრა, რომელთაც მხარს რუსეთი უჭერს. გააკრიტიკა გამოხატვის თავისუფლების კუთხით ვითარება, იქ მიმდინარე შერჩევითი დაკავებები სოციალური მედიის იმ მომხმარებლებისა, რომლებიც საკუთარ აზრს ონლაინ გამოხატავენ და სხვა. თუმცა, მისი ყველაზე მწვავე კრიტიკის სამიზნე რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულისა და მისი დედაქალაქ სევასტოპოლის ოკუპაცია გახდა.
ალ-ნაშიფს თავად არ უხსენებია უკრაინის საზღვართან 100 000-მდე რუსი სამხედროს მობილიზების საკითხი, თუმცა, ამ თემაზე წევრ სახელმწიფოებს შორის ცხარე დებატები გაიმართა. ბრიტანეთის ელჩმა გაეროში, სიმონ მენლიმ თქვა, რომ ქვეყანა უკრაინაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის უკრაინისა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. უკრაინის სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა ადამიანის უფლებათა ოფიცერმა შეერთებული შტატებიდანაც.