საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შულცი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ბრიუსელში შეხვედრას მართავენ უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზაციის კვალდაკვალ.
შეხვედრა, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ გაიმართება. საკუთარ პირველ გამოსვლაში, გერმანიის ახალმა კანცლერმა ოლაფ შულცმა განაცხადა, რომ რუსეთი „მაღალ ფასს“ გადაიხდის, თუ ის უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრება. წყაროები გერმანიის მთავრობიდან აცხადებენ, რომ შეხვედრის მთავარი საკითხი, “მინსკის შეთანხმების” შესრულება იქნება, რომლითაც აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური სამხედრო მოქმედებები დასრულდა.
საფრანგეთი და გერმანია ე.წ. ნორმანდიის ფორმატის ნაწილი არიან, რომელიც უკრაინის კონფლიქტის გადასაჭრელად შეიქმნა 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა. რუსეთი აცხადებს, რომ კიევი არღვევს 2014 და 2015 წლების მინსკის სამშვიდობო შეთანხმებას.
რუსეთს უკრაინის საზღვარზე 150,000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. ეს იწვევს შეშფოთებას რუსეთის მიზნებთან დაკავშირებით. გასულ კვირას ვითარების დაძაბვას, ამერიკის და რუსეთის ლიდერებს შორის ვიდეო-ზარი მოჰყვა. ამერიკის მხარესთან საუბარში მოსკოვმა ღიად მოითხოვა, რომ ნატომ უკან წაიღოს საქართველოს და უკრაინისთვის ბუქარესტის სამიტზე მიცემული დაპირება ალიანსში გაწევრიანების თაობაზე. „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ნატომ ოფიციალურად თქვას უარი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე, რომ "უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან“ - განაცხადა გასული კვირის ბოლოს რუსეთის საგარეო უწყებამ.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ განიხილავენ საუკეთესო ფორმატს მოსკოვთან სასაუბროდ და ამ საკითხზე ევროპაში მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ვაშინგტონსა და ნატოში დასძენენ, რომ არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება ვეტო დაადოს ნებისმიერი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს.
Facebook Forum