ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერმაკი: ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ კიევის ჩართულობის გარეშე უკრაინის მომავალს არავინ გადაწყვეტს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ კიევის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა უკრაინის ხელშია. ამის შესახებ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა განცხადება.

ბაიდენსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი ამერიკის პრეზიდენტის მის რუს კოლეგასთან ვიდეო შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის მიზანი უკრაინის წინააღმდეგ გაძლიერებული რუსული სამხედრო აგრესიის შემცირების მცდელობა იყო.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან გარკვევით თქვა... რომ ნებისმიერი მოლაპარაკება, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინას ეხება, უკრაინის გარეშე არ უნდა იქნას მიღებული.

უკრაინა რუსეთს ათობით ათასი ჯარისკაცის რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მობილიზებაში და ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის მომზადებაში სდებს ბრალს. რუსეთი აცხადებს, რომ არანაირ ოპერაციას არ გეგმავს და დესტაბილიზაციის შექმნაში უკრაინას და ამერიკას ადანაშაულებს. პუტინი ნატოსგან გარანტიას მოითხოვს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება.

უკრაინა ასეთი გარანტიების მოთხოვნას არალეგიტიმურად აფასებს და თავის მხრივ იმას ითხოვს, რომ მისი მომავალი არავინ გადაწყვიტოს კიევის ჩართვის გარეშე.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან გარკვევით თქვა... რომ ნებისმიერი მოლაპარაკება, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინას ეხება, უკრაინის გარეშე არ უნდა იქნას მიღებული“, თქვა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი იერმაკმა ტელეკომპანია „1+1-თან“ ინტერვიუში.

მან ასევე დასძინა, რომ „პრეზიდენტ ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მხოლოდ უკრაინელი ხალხის და სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოს გადასაწყვეტია. და ეს უკრაინასა და ნატოს წევრებზეა დამოკიდებული“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG