შვეიცარიის მეორე უმსხვილესი ბანკი, „კრედიტ სუისი“, ხარჯების შემცირების მიზნით, ყოველი მე-10 პოზიციის, ჯამში დაახლოებით 5000 სამუშაო ადგილის შემცირებას განიხილავს. წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სამუშაო ადგილების პოტენციური შემცირების მასშტაბები, ხაზს უსვამს გამოწვევას, რომლის წინაშეც „კრედიტ სუისი“ და მისი ახალი აღმასრულებელი დირექტორი დგას. ულრიხ კორნერი ცდილობს, მთელი რიგი სკანდალების შემდეგ, ბანკს სტაბილური მდგომარეობა დაუბრუნოს.
„კრედიტ სუისი“, თანამშრომლების შემცირებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებს. მანამდე, ციურიხში დაფუძნებულმა ბანკმა, უარყო სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ინსტიტუტი შესაძლოა გასხვისდეს ან ჩამოიშალოს.
„როიტერის“ წყაროს ინფორმაციით, სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მათი რაოდენობა, შესაძლოა შეიცვალოს. მანამდე, შვეიცარული გამოცემა „ბლიკი” წერდა, რომ შემცირება 3 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შეეხება.
ბანკმა საჯაროდ უკვე განაცხადა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ხარჯებს 15,8 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე შეამცირებს, რაც წლიურ საშუალო ხარჯს, დაახლოებით მილიარდ დოლარამდე ამცირებს.
რესტრუქტურიზაციის ექსპერტმა, 59 წლის ურლიხ კორნერმა, ბანკის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, თომას გოტშტაინი აგვისტოში შეცვალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბანკმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და მისი აქციების ფასი 40%-ით დავარდა.