შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთში შეწყვეტილი ამბოხის მცდელობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ძალაუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის "ყველა ფრონტზე". განცხადება ენტონი ბლინკენმა კვირას, 25 ივნისს ტელეკომპანია "ეი-ბი-სისთან" ინტერვიუში გააკეთა.
"ვხედავთ გაჩენილ ბზარებს", თქვა მან და იქვე დასძინა, რომ მომხდარის შედეგებზე სპეკულირება არ სურს, თუმცა მისი აზრით, "საბოლოო შედეგი ჯერ არ გვინახავს". ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, 24 ივნისს რუსეთში განვითარებული მოვლენები "იყო დამანგრეველი სტრატეგიული ჩავარდნა პუტინისთვის თითქმის ყველა ფრონტზე: ეკონომიკური, სამხედრო, გეოპოლიტიკური მიმართულებით".
ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინაზე თავდასხმით რუსეთის პრეზიდენტმა ქაოსი საკუთარ ქვეყანასაც მოუტანა. "ეს რომ 16 თვის წინანდელ კონტექსტში ჩავსვათ, როცა პუტინი კიევის მისადგომებთან იყო უკრაინაში, ქალაქის აღებას რამდენიმე დღეში გეგმავდა და ქვეყნის რუკიდან გაქრობა სურდა. ახლა, მას მოსკოვის დაცვა მოუწია, რუსეთის დედაქალაქის, რომელსაც მისივე შექმნილი დაქირავებული მებრძოლი ემუქრებოდა" - უთხრა სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტ ჯონათან კარლს.
ასევე ნახეთ: აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით აგრძელებს რუსეთში მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას