კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტები და ვაქცინების ეფექტურობა

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილთა მცირე რაოდენობა ვირუსით მაინც ინფიცირდება. მეცნიერები და ექიმები განმარტავენ, რომ 100- %-იანი დაცულობა არ არსებობს, თუმცა აუცილებელია იმ მცირე რაოდენობის შემთხვევების შესწავლაც, რა შემთხვევაშიც ვაქცინამ ადამიანები ვირუსისგან არ დაიცვა, რადგან ეს უფრო სერიოზული მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, ვიდრე მხოლოდ ვაქცინის არაეფექტურობის მცირე პროცენტი.

"შესაძლებელია, რომ ჩნდება ახალი ვარიანტები, რომლებსაც ვაქცინა ვერ უპირისპირდება", - ამბობს ჯიჯი გრონვალი, ჯონს ჰოპკინსის ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრის წამყვანი მკვლევარი. "ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს განსხვავებული შემთხვევები შევისწავლოთ".

ასევე ნახეთ: რამდენი ხანი დაგვიცავს კოვიდ-19-ის ვაქცინა?

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის" 26 აპრილის მონაცემებით, 95 მილიონი სრულად ვაქცინირებული მოქალაქიდან ინფიცირების 9 245 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ვაქცინირებულთა ერთ მეასედ პროცენტზე ნაკლებია, თუმცა სააგენტო აცხადებს, რომ შემთხვევები შესაძლოა მეტი იყოს.

"ვაქცინის მიღებაზე რეაქცია ყველას არ აქვს", - ამბობს ჯაკის რაველი, მერილენდის უნივერსიტეტის გენეტიკური მეცნიერებების ასოცირებული დირექტორი. "ჩვენ არ ვართ 100 %-ით დარწმუნებულნი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აცრის შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინაზე იმუნური რეაქცია გამოუმუშავდათ".

მეცნიერები ამბობენ, რომ იმის დასადგენად, თუ რისი ბრალი იყო აცრილთა ინფიცირება: მათი იმუნური რეაქციის ნაკლებობის თუ ვირუსის ახალი ვარიანტების, რომლებისგანაც ვაქცინამ ადამიანი არასაკმარისად დაიცვა, ამ კონკრეტული ნიმუშების გენეტიკური კვლევაა საჭირო. და თუკი ამ ნიმუშებში ერთ და იმავე ვარიანტი ხშირად დაფიქსირდება, რაველის აზრით, ეს უკვე შეშფოთების საფუძველია.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვაქცინები ახალი შტამების წინააღმდეგაც ეფექტურია. ისრაელის მონაცემებით, სადაც ახლა ყველაზე მატდ ის შტამია გავრცელებული, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს, "ფაიზერ/ბიონტექის" ვაქცინა მის წინააღმდეგაც 95 %-ით ეფექტურია. ცნობილია, რომ ვირუსის ეს ვარიანტი უფრო მომაკვდინებელი და უფრო ადვილად გადამდებია.

ასევე ნახეთ: "ფაიზერი" სამხრეთ აფრიკული ვარიანტისგან 91%-ით იცავს

თუმცა არის შემაშფოთებელი ნიშნებიც. ყატარში ჩატარებული კვლევის თანახმად, სადაც ინფიცირების შემთხვევათა ნახევარში ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი ფიქსირდება, "ფაიზერ"/"ბიონტექის" ვაქცინა მხოლოდ 75 %-ით აღმოჩნდა ეფექტური. თუმცა ამავე კვლევითვე დადგინდა, რომ ეს ვაქცინა 97 %-ით ეფექტურია ავადმყოფობის მძიმე მიმდინარეობისა და გარდაცვალებისგან დასაცავად. ექიმები ამბობენ, რომ უახლესი შტამების წინააღმდეგაც, ვაქცინის გამოყენება ეფექტური და მნიშვნელოვანია.

ამავე დროს, ბრიტანული ვარიანტი სხვა ვარიანტებთან შედარებით, გაცილებით გადამდებია. ამიტომ მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა კარგიც კი იყოს ის, რომ მსოფლიოს დიდ ნაწილში ახლა სწორედ ბრიტანული შტამი დომინირებს და არა კიდევ უფრო საშიში ვარიანტი.

ამასთან, მეცნიერებს ისიც ახარებთ, რომ ყველაზე სახიფათო ვარიანტებიც მსგავსი მუტაციის შედეგადაა წარმოქმინლი. ეს ფაქტი კი სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ ვირუსი შესაძლოა მხოლოდ შეზღუდული მიმართულებებით განიცდიდეს მუტაციას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამის საჭიროება არ არსებობს, ვაქცინების მწარმოებელი ქვეყნები მაინც ცდილობენ საკუთარი მომავალი წარმოებისთვის ახალი შტამების გათვალისწინებას.