ზამთრის მოახლოებასთან ერთად და ევროპაში პანდემიის მზარდი მონაცემების გათვალისწინებით, ავსტრიამ კოვიდ-19-ზე აუცრელებს ე.წ. ლოკდაუნი დაუწესა. გერმანია ამ კვირაში დამატებით საკარანტინო შეზღუდვებს განიხილავს, ბრიტანეთში კი ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის ადმინისტრირების მასშტაბები ფართოვდება.
ევროპა კორონავირუსის ინფიცირების მონაცემებით და სიკვდილობის პროცენტული რაოდენობით კვლავ პანდემიის ეპიცენტრია. ზომები ბევრ ქვეყანაში მკაცრდება, რადგან დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაულები და მასთან დაკავშირებული მიმოსვლის გააქტიურება, პანდემიის მართვას დამატებით რისკებს უქმნის.
ზამთრის სეზონზე ადამიანები ძირითადად შენობებში იყრიან თავს, რაც ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს. სპეციალისტები შიშობენ, რომ ვაქცინაცია შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. ჯანდაცვის დამატებით პრობლემებთან ერთად, მთავრობებს დამატებითი თავისტკივილი აქვთ, რადგან ეს ყოველივე ეკონომიკურ გაუმჯობესებას კვლავ შეფერხების რისკს უქმნის.
"როიტერის" ანგარიშით, გასულ კვირაში ევროპაზე მოდიოდა მთელი მსოფლიოს კოვიდ-19-ით ინფიცირების საშუალო მაჩვენებლების ნახევარზე მეტი და სიკვდილობის თითქმის ნახევარი. ეს 2020 წლის აპრილის მაჩვენებლების შემდეგ, ყველაზე დიდი მონაცემია. საუბარია იმ დროზე, როცა გასულ წელს იტალიაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში პანდემიის პიკი იყო.
ასევე ნახეთ: ევროპა პანდემიის ეპიცენტრიაკოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ნაბიჯი პირველმა ავსტრიამ გადადგა. ავსტრიის კონსერვატორულმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაახლოებით 9-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში, აუცრელ 2 მილიონს საერთოდ აუკრძალოს შინიდან გასვლა. მათ სახლის დატოვება მხოლოდ კრიტიკული საჭიროებებისთვის შეეძლებათ, როგორიცაა მაგალითად - სამსახური, სამედიცინო მომსახურება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთების შეძენა.
გერმანიის 16 შტატის მთავრობები და ქვეყნის ფედერალური ლიდერები ამ კვირაში დამატებითი საკარანტინო ზომების შემოღებას განიხილავენ. შტატების ჯანდაცვის მინისტრები მთავრობებს ისეთი ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ, როგორიცაა მიმოსვლის შეზღუდვა და სკოლების დახურვა.
გერმანიაში ინფიცირების შვიდდღიანი საშუალო მონაცემები რეკორდულ ნიშნულს აღწევს. კანცლერმა ანგელა მერკელმა აუცრელებს კიდევ ერთხელ მიმართა და მათ კოვიდ-19-ზე ვაქცინაციისკენ მოუწოდა. "წინ რთული კვირები გვაქვს და როგორც ხედავთ, ეს ძალიან მაღელვებს... საგანგებოდ მოგიწოდებთ ყველას, ვინც ჯერ არ აცრილა, გთხოვთ, გადაიფიქროთ" - განაცხადა კანცლერმა ვიდეომიმართვაში.
ინფიცირების მონაცემები გაიზარდა საფრანგეთში, ნიდერლანდებში და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ სახელმწიფოში. ბრიტანეთმა გადაწყვიტა გააფართოვოს კოვიდ-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის ხელმისაწვდომობა. ახლა ვაქცინის ე.წ. ბუსტერის გაკეთება 40-დან 49 წლამდე ბრიტანელებისთვისაც შეიძლება. აქამდე კოვიდ-19-ის აცრის დამატებითი დოზა მხოლოდ ხანდაზმულების, დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
ოფიციალური ლონდონის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, იმუნიტეტის გაძლიერება აუცილებელია ცივი ამინდების დადგომამდე. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ჯერჯერობით ე.წ. "ბე" გეგმის საჭიროებას ვერ ხედავს, რაც ნიღბების აუცილებლობას და ვაქცინების პასპორტებს გულისხმობს. "თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ევროპის ზოგიერთ ნაწილში ინფიცირების შტორმი იზრდება... თავდაცვის საუკეთესო გზა კი ბუსტერის მიღებაა" - განაცხადა მან დღეს.