ვუჰანის ლაბორატორიიდან ახალი კორონავირუსის გავრცელების შანსს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამოუკიდებელ სპეციალისტთა გუნდის ხელმძღვანელი გამორიცხავს. პიტერ ბენ ემბარეკის თქმით, ჯერჯერობით კვლავ ღამურები რჩება ვირუსის გავრცელების ყველაზე რეალურ ვერსიად, თუმცა გაყინული საკვებით მისი გადადების საკითხიც შემდგომ შესწავლას მოითხოვს.
ეს განცხადებები დღეს ემბარეკმა დაახლოებით სამსაათიან მედია-ბრიფინგზე გააკეთა. ვუჰანში თითქმის ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, მათ ახალი ინფორმაციაც მოიპოვეს, თუმცა ის პანდემიის აფეთქების დასაწყისზე შექმნილ სურათს დრამატულად არ ცვლის. ემბარეკის თქმით, პანდემიის საწყისებზე მიმდინარე გამოძიებას კვლავ ღამურების ბუნებრივი გარემოსკენ მივყავართ, მაგრამ ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ეს ვუჰანში არ მომხდარა.
ასევე ნახეთ: ჯანმოს სპეციალისტები ვუჰანის ვირუსის კვლევის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენჯანმოს გამომძიებელთა გუნდი, ჩინეთში აღებულ სისხლის ანალიზებზე დაყრდნობით, იმასაც აცხადებს, რომ ვირუსი ქვეყანაში იმაზე ადრე ცირკულირებდა, ვიდრე აქამდე ეგონათ. მათი განცხადების მიხედვით, პირველი შემთხვევები "რამდენიმე კვირით ადრეა" ნაპოვნი.
სპეციალისტები ვუჰანში 14 იანვარს ჩავიდნენ, მას შემდეგ რაც ჩინეთში ჩაფრენისთანავე ორკვირიანი კარანტინი გაიარეს. სხვა ადგილებთან ერთად, ისინი იმყოფებოდნენ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში და ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე, სადაც ოფიციალური ვერსიით, ინფექციის ერთ-ერთი პირველი შემთხვევები აღირიცხა.
ახალი კორონავირუსის წარმოშობაზე სპეციალისტებს ჯერ საბოლოო პასუხი არ აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ კოვიდ-19-ის რეალურ დასაწყისზე სრული სურათის შექმნას წლები დასჭირდება.
Your browser doesn’t support HTML5