უკვე 23 ვაქცინას ცდიან ადამიანებზე - სიახლეები კოვიდ-19-ის ფრონტიდან

ახალი კორონავირუსის ვაქცინების შექმნის მიმართულებით რამდენიმე სიახლეა. ბოლო დღეების განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ ადამიანებზე კანდიდატი ვაქცინების გამოცდა წარმატებით მიმდინარეობს კიდევ ორ კომპანიაში. ესენია: ბრიტანეთში - ბიოფარმაცევტული კომპანიის „ასტრაზენეკას“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შემუშავებული ვაქცინა და კანადაში - კომპანიის „მედიკაგო“ მიერ, თამბაქოს ჯიშის მცენარის ფოთლებისგან შექმნილი ვაქცინა, რომელსაც ზურგს „ფილიპ მორისი“ უმაგრებს.

ეს მხოლოდ 2 ვაქცინაა სულ ცოტა 23 კანდიდატ ვაქცინას შორის, რომლებიც დღეს კლინიკური გამოცდის მოწინავე სტადიაზეა და ადამიანებზე იცდება.

ბრიტანეთი

ოქსფორდის უნივერსიტეტის კლინიკურ გამოცდაში 1 077 ადამიანი იყო ჩართული. კოვიდ-19-ის ვაქცინის ინექციის შედეგად, მათ ორგანიზმში წარმოიქმნა T-უჯრედები (T-ლიმფოციტები), რომელთაც დაავადების გამომწვევ ვირუსთან ბრძოლის და მათი განადგურების უნარი აქვს. ვაქცინა პრაქტიკულად ავარჯიშებს ორგანიზმის იმუნიტეტს იმაში, თუ როგორ უნდა შეუტიოს მან ვირუსს სარს-კოვ-2.

ორშაბათს, 20 ივლისს, სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, T-უჯრედების რაოდენობამ პიკს ინექციიდან 14 დღეში მიაღწია, ანტისხეულების დონემ კი - 28 დღეში. ნაშრომის მიხედვით, ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანთა 90%-ში წარმოიქმნა.

ჯერჯერობით საკმარისი დრო არ გასულა და ამიტომ უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს აცრით მიღებული დაცვა ახალი კორონავირუსისგან. თუმცა, მაქსიმალური შედეგების მისაღწევად ვაქცინის მეორე დოზის შეყვანაც შესაძლებელია, ამბობენ ბრიტანელი მკვლევარები.

ოქსფორდის უნივერსიტეტში მიმდინარე აცრები, 2020 წლის ივნისი

ჩინეთი

კოვიდ-19-ის ვაქცინის განვითარებაში აქტიურად არიან ჩართული ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი. სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინა კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაზე გადავიდა.

გასულ ხუთშაბათს, ამის შესახებ ცნობა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გაავრცელა. ოფიციალური აბუ-დაბი იუწყება, რომ ჩინური ვაქცინის გამოცდა 15 ივლისს დაიწყო და კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაში მათი ქვეყნიდან 15 000 მოხალისე მონაწილეობს.

ჩინეთში გამოცდის მოწინავე სტადიაზე კიდევ ერთი ვაქცინაა, რომლის შექმნაზეც შანხაის ჩინურ კომპანია „ფოსუნ-ფარმასთან“ ერთად, ასევე ჩართული არიან გერმანული „ბიო-ენ-ტექი“ და ამერიკული „ფაიზერი“.

ვაქცინებზე მუშაობა პეკინში, ჩინეთი

ამერიკის შეერთებული შტატები

ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის რეგისტრირებულ კანდიდატ ვაქცინათა რაოდენობა 150-ს აჭარბებს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებულია ამერიკული კომპანია „მოდერნა“, რომელიც ვაქცინის გამოცდის დასკვნითი ფაზის დაწყებას სულ რამდენიმე დღეში, 27 ივლისს გეგმავს. ვაქცინა სახელად mRNA-1273 „მოდერნამ“ შეერთებული შტატების ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად შექმნა.

„მოდერნა“ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინის კლინიკური გამოცდის მე-3 ფაზას 90-მდე ცენტრში გეგმავს. „ასტრა-ზენეკასგან“ განსხვავებით, რომელიც კლინიკურ ცდებს ბრაზილიაშიც ატარებს, „მოდერნას“ ცენტრები მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზეა განლაგებული. კომპანიას მესამე ფაზაზე გადასასვლელად მინიმუმ 30 000 მოხალისე ესაჭიროებოდა, თუმცა მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 110 ათასამდე ამერიკელმა.

კომპანია "მოდერნას" ოფისი ქ. კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ.

ვაქცინების აჩქარებული განვითარება

დღეს ვაქცინის შექმნაზე მუშაობა გაცილებით სწრაფად ხდება და ეს ახალი ტექნოლოგიების დამსახურებაა, განაცხადა ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც მან „ვებ-ემ-დის“ ექიმს, ჯონ უაიტს მისცა. „რასაც ადრე წლები დასჭირდებოდა, ახლა თვეებში და კვირებში ხდება“ - ამბობს ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი.

ვირუსის სიკვენსი (დნმ-ის შემადგენელი ერთეულების თანმიმდევრობა) 2020 წლის იანვრის დასაწყისში გაიშიფრა, როგორც კი ის საერთაშორისო მონაცემთა ბაზაზე დაიდო. „აქედან რამდენიმე დღეში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რამდენიმე დღეში, ვაქცინების შექმნა და მათი გამოცდა დაიწყო. 62 დღეში უკვე კლინიკური გამოცდის პირველ ფაზაზე ვიყავით. ეს გასაოცრად უპრეცედენტო ამბავია, ყველა გაგებით“ - აღნიშნავს ექიმი ფაუჩი.

ენტონი ფაუჩი, ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი

შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი, ფედერალური მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, აქტიურადაა ჩართული ვაქცინების შექმნის პროცესში. „მოდერნას“ ვაქცინის გარდა, ექიმ ფაუჩის თქმით, კიდევ 3 კანდიდატი ვაქცინაა კლინიკურ კვლევებში დაწინაურებული, რომლებშიც ამერიკის მთავრობის ინტერესია ჩადებული.

ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი „ფრთხილი ოპტიმიზმით“ უყურებს კოვიდ-19-ის ვაქცინების შექმნაზე მუშაობას და ამბობს, რომ თუკი ვინმე ამ საქმეში რაიმე გარანტიებს წინასწარ იძლევა, ეს ნიშნავს, რომ მას „ვაქცინების განვითარებაზე“ არასდროს უმუშავია. ფაუჩის „ფრთხილი ოპტიმიზმით“ დანახული რეალობა კი ახლა ასეთია: „კალენდარული წლის ბოლოს, 2021 წლის დასაწყისისთვის გვეცოდინება, გვაქვს თუ არა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა“.

ვაქცინების ალიანსი ქვეყნების დასახმარებლად

90-მდე ქვეყნის დახმარებაზე და მათთვის ვაქცინებზე წვდომის უზრუნველსაყოფად აქტიურად მუშაობს ორგანიზაცია „კოვაქსი“ (COVAX), რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, უძღვებიან ეპიდემიური მზადყოფნის საერთაშორისო კოალიცია (CEPI) და გლობალური ჯანდაცვის ალიანსი (GAVI).

გასულ კვირაში 75-მა ქვეყანამ გამოთქვა მზაობა, შეუერთდეს „კოვაქსს“. მათ პარტნიორობაში გაერთიანებული ქვეყნების რაოდენობა კი დღეს 165-ს აღწევს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს მოიცავს.

მარტო ივნისის თვეში „კოვაქსმა“ 567 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლო. ორგანიზაციის მიზანია $2 მილიარდის მოძიება, რათა კოვიდ-19-ის ვაქცინები მიეწოდოს იმ ქვეყნებს, რომელთაც ვაქცინის განვითარების, ან მისი შეძენის საშუალება არ გააჩნიათ.

გლობალური ჯანდაცვის ალიანსი აცხადებს, რომ ვაქცინა თანაბრად გადანაწილდება თითოეულ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ამასთან, პირველ რიგში მოხდება ჯანდაცვის მუშაკების აცრა.

Your browser doesn’t support HTML5

მაჩაიძე კორონავირუსის მუტაციაზე, მკურნალობის მეთოდებსა და ვაქცინაზე