შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანებს კოვიდ-19-ზე აცრა შესთავაზოს. ამის შესახებ ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივანმა ალექს აზარმა ოთხშაბათს განაცხადა.
ასევე ნახეთ: რეინფიცირების პირველი დადასტურებული ფაქტი ამერიკაში - რუბრიკა „გალილეო“შეერთებული შტატები „ფრთხილი ოპტიმიზმით“ აცხადებს, რომ ფარმაცევტული კომპანიების „ფაიზერი“ ან „მოდერნა“ ერთი ან ორი ვაქცინა, სავარაუდოდ, მზად იქნება ამერიკის მოსახლეობაში ფართო დისტრიბუციისთვის.
აზარის თქმით, იანვარში ვაქცინას ხანდაზმულებს, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს და პირველადი რეაგირების სამსახურების თანამშრომლებს მიაწოდებენ. ამერიკის მთელს მოსახლეობას კი ვაქცინაზე წვდომა აპრილისთვის ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ამერიკულ მარეგულირებელ უწყებებს ჯერ არ დაუმტკიცებიათ, რამდენიმე კომპანიამ უკვე დაიწყო საწარმოო შესაძლებლობების მომზადება ვაქცინის დიდი ოდენობით წარმოებისთვის.
ასევე ნახეთ: აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა "კოვიდ-19"-ის გავრცელების გზების გზამკვლევი შეცვალაგასულ კვირას ფარმაცევტულმა კომპანიამ „ფაიზერი“ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ მარეგულირებლისთვის ვაქცინასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მონაცემის გაგზავნას, ნოემბრის ბოლოს შეძლებს.
ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკაში კოვიდ-19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა დრამატულად მოიმატა. ქვეყნის 50 შტატიდან 38-ში დაავადების მაჩვენებელი იზრდება. ჯამში, ამერიკაში, დაახლოებით, 8 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 210 ათასს აღემატება.