ჩინეთმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევის ყველაზე დაბალი მაჩვენებლი დაფიქსირდა. ჩინეთის ოფიციალური პირების თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებლია. სწორედ იანვრიდან დააწესა ჩინეთის ხელისუფლებამ აკრძალვები ფრენებზე და საჯარო თავშეყრებზე.
თუმცა, ჩინეთისგან განსხვავებით, სიტუაცია უფრო მწვავეა იტალიაში, სადაც მოსახლეობის, დაახლოებით, მეოთხედი კარანტინშია მოქცეული.
იტალიამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის ჩაკეტვა დაიწყო. მათ შორის, იმ რეგიონების, სადაც მილანი და ვენეცია მდებარეობს. ასეთი ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კორონავირუსით გარდაცვლილითა რიცხვმა 133-დან 366-მდე იმატა.
ქვეყნის დატოვება და იქ ვიზიტი მომავალ თვემდე მკაცრად იქნება აკრძალული. ასევე, გაიცა ბრძანება, რომ დაიხუროს ყველა მუზეუმი, თეატრი, კინო და სხვა კულტურული თავშეყრის ადგილები.
სიტუაციის სიმძიმის გამო, იტალიის ხელისუფლებამ პენსიაზე გასულ ექიმებს სთხოვა დაუბრუნდნენ საკუთარ საქმიანობას.
ამერიკაში გარდაცვალების 21 და ვირუსის 500-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული.
კალიფორნიაში საკრუიზო გემ "დიდებულ პრინცესაზე" კი მგზავრთა ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა. გემის ბორტზე მყოფ კალიფორნიის მცხოვრებლებს 14-დღიან კარანტინში შტატის შიგნით საავადმყოფოებში გადაიყვანენ. სხვა შტატების მცხოვრებლებს კი ჯორჯიის შტატში გადაიყვანენ სტაციონარული დაკვირვებისთვის.
მსოფლიოს მასშტაბით, ახლა 100-ზე მეტი ქვეყანა აცხადებს, რომ იქ კორონავირუსი დაფიქსირდა. დაავადებულია 106,000-ზე მეტი ადამიანი და გარდაცვალების რიცხვი 3,500-ს აღწევს.